დღეს დეპუტატებმა იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას უყარეს კენჭი. სხდომის მსვლელობისას, ტექნიკური შესვენების დროს, ჟურნალისტებს სხდომის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. კადრებში ჩანს, მანდატურები ძალით როგორ ატოვებინებენ დარბაზს ჟურნალისტებს. მსგავს კადრებს ავრცელებს გამოცემა „ტაბულაც“.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კომიტეტის სხდომაზე დღეს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ მანდატურების ქმედებები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება. ქარტია ასევე მოუწოდებს დეპუტატებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა პარლამენტში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება.
„ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია პარლამენტში დღეს მომხდარი ფაქტით, დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა, ნიშანდობლივია, რომ ამ დროს დარბაზში დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება იყო და მედიის ინტერესი, გაეშუქებინათ კონფლიქტი, ბუნებრივი იყო.
ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ მანდატურების ქმედებები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება. ქარტია ასევე მოუწოდებს დეპუტატებს უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა პარლამენტში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება“. – ნათქვამია განცხადებაში.