საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართველებისა და ებრაელების განსაკუთრებული ურთიერთობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებას იმსახურებს.
პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გასულ კვირას მონაწილეობა მივიღე ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმში, რომელიც იერუსალიმში გაიმართა. ქართველი და ებრაელი ხალხები 26 საუკუნის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით, რელიგიურ თუ ეროვნულ ნიადაგზე ყოველგვარი შევიწროების გარეშე ცხოვრობდნენ. ჩვენი მეგობრობის მაგალითით ორივე ერი ვამაყობთ.
კონფლიქტებითა და დაძაბულობით სავსე დღევანდელ სამყაროში მშვიდობიანი თანაარსებობის ჩვენება უფრო ღირებულია და ყველასთვის საჭირო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ქართველებისა და ებრაელების ეს განსაკუთრებული ურთიერთობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებას იმსახურებს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ იუნესკოში შესაბამისი წარდგინების მომზადებაზე“, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.