სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი ოკუპიებულ ტერიტორიებს ეხება.
სუსის ანგარიშით, 2019 წელს მწვავედ იდგა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა და მიზანმიმართული დისკრიმინაცია. მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და რეგიონში დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მათი სახლების განადგურება.
„გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაწესებული არალეგიტიმური შეზღუდვების შედეგად უკიდურესად გაუარესდა ოკუპირებული გალის რაიონში ეთნიკური ქართველების ყოველდღიურობა. გალელი ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ ეთნიკური კუთვნილების „შეცვლასთან“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის კვალის წაშლისა და მომავალში იძულებით გადაადგილებული მკვიდრი ქართველი მოსახლეობის დაბრუნების გამორიცხვის მიზნით, ოკუპირებულ სოფელ ერედვში, ეთნიკური ქართველების ნასახლარებზე, რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით გრძელდებოდა ნაგავსაყრელის მშენებლობა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ასევე, სუსის ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს არაერთი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით რეგისტრირებულია დაკავების 86, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 27 ფაქტი.
მათ შორისაა 2019 წლის 10 მარტს ირაკლი კვარაცხელიას დაკავებაც. რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ბაზაზე გადაიყვანეს, საკანში მოათავსეს და მცირე ხნის შემდეგ ჩამომხრჩვალი ნახეს.
სუსის თანახმად, 2019 წელს პრობლემური იყო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესიც. მათ შორის, ანგარიშში მოყვანილია გუგუტიანთკარის, ატოცისა და ჩორჩანას შემთხვევები. განსაკუთრებით მწვავე იყო ჩორჩანას ტყეში განვითარებული პროცესები. რადგან როგორც სუსი წერს, საქართველოს ცნტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ, ქართულმა მხარემ სტანდარტული საგუშაგო აღმართა, რაც დე ფაქტო ცხინვალმა ვითარების ესკალაციისთვისა და ოკუპირებულ რეგიონში ქართული მოსახლეობის შევიწროებისთვის გამოიყენა.
ასევე, გასულ წელს, ერგნეთში შეწყდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები. რასაც სუსი რუსეთის საოკუპაციო ძალების კიდევ ერთ დესტრუქციულ ნაბიჯად აფასებს. ასევე დესტრუქციულ ნაბიჯად აფასებს სუსი საკუპაციო ძალების მიერ ჩორჩანაში გარკვეული ხნით ევროკავსირის სადამკვირვებლო მისიის წევრების დაკავებასაც. მით უმეტეს, რომ მათ უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის მანდატიც აქვთ.
ამავდროულად, ანგარიშის თანახმად, IPRM შეხვედრების შეწყვეტის შემდეგ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა „ცხელმა ხაზმა“ და მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივად დაფიქსირდა ნეგატიური ტენდენციები, „ცხელი ხაზი“ მაინც არაერთხელ ამოქმედდა.
„2019 წელს აღნიშნული ინსტრუმენტი 2362-ჯერ იქნა გამოყენებული. აქედან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით „ცხელი ხაზი“ გააქტიურდა 673-ჯერ, ხოლო ოკუპიებული ცხინვალის მიმართულებაზე „ცხელი ხაზის“ გააქტიურების რიცხვმა შეადგინა 1689“, – ნათქვამია სუსის ანგარიშში.
სუსის ანგარიშის მიხედვით, შემაშფოთებელია ისიც, რომ რუსეთის პოლიტიკა ოკუპაციიდან ანექსიისკენ არის მიმართული და გასულ წელსაც, საქართველოს ამ ორი რეგიონის ანექსიისკენ მიზანმიმართულად მუშაობდა.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე თითქმის სრულად კონტროლდებოდა როგორც დე ფაქტო უწყებების ე.წ. ფუნქციები (ე.წ. საზღვრის დაცვა, ე.წ. საბაჟო სინქრონიზაცია, „სამართალდამცავი უწყებების“ ფუნქციონირება, ე.წ. თავდაცვის უწყების მუშაობა), ასევე, ზოგადად, სამხედრო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში მიმდინარე ყველა პროცესი“, – წერს სუსი.