„ქართულ ოცნებას" არჩევნების შედეგი მიულოცეს ორბანმა, ალიევმა და ფაშინიანმა

პუბლიკა

ცესკოს პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას” გამარჯვებას ამ დროისთვის ულოცავენ აზერბაიჯანის, სომხეთის და უნგრეთის ლიდერები. ვიქტორ ორბანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გუშინ მიმართა და მას „აბსოლუტური გამარჯვება” მიულოცა.

„საქართველოს მოსახლეობამ იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო”, – აცხადებს ორბანი.

პლატფორმა X-ზე ცესკოს შედეგებს გამოეხმაურა ნიკოლ ფაშინიანიც, რომელმაც კობახიძესა და „ქართულ ოცნებას” ქართულად მიმართა.

„მჯერა, რომ სომხეთი-საქართველო სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას”, – წერს ფაშინიანი.

ვრცელი წერილით გამოეხმაურა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ილჰამ ალიევიც, რომელმაც „ქართულ ოცნებას” შედეგები „გულითადად მიულოცა”.

„ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი. მჯერა, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას და კეთილდღეობას”, – აცხადებს ალიევი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99% – ცესკოს მიხედვით, „ქართულ ოცნებას” 54.2%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ „მოპარული, მიტაცებული” არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

განცხადებები გააკეთეს „კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლებმაც – მათ ისაუბრეს რამდენიმე სქემაზე, რომელსაც მათი თქმით, „ქართული ოცნება” არჩევნებამდე ახორციელებდა, რათა უბანზე ხმები „გაეოთხმაგებინა”.

როგორც კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი „სქემის” თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ, მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს მინიმუმ 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა.

რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც საუბრობენ „არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე” და მიუთითებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციები მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება.