„ქართულ ოცნებას“ თუ გამოვგლიჯეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევალთ პარლამენტში - ელისაშვილი

პუბლიკა

„ქართულ ოცნებას“ თუ გამოვგლიჯეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევალთ პარლამენტში, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციაში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

ის გამოეხმაურა მასსა და მამუკა ხაზარაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას და თქვა, რომ ოპოზიციაში მოწყობილ ცირკზე მისმა პარტიამ საუბარი დაასრულა. ელისაშვილის თქმით, ოპოზიციამ თავად არ იცის, რა უნდა, ის და მისი პარტია კი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგას.

„ჩვენ ისედაც გვინდოდა, რაც გვინდოდა. უბრალოდ, გვსურდა დანარჩენებთან ამოგვეწურა რესურსი. ვიცით, რასაც გავაკეთებთ და ამაზე სულ რამდენიმე დღეში ვიტყვით. „ქართულ ოცნებას“ თუ გამოვგლიჯეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში.

ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა და ხვდება, რომ ეს იწილო-ბიწილო, შეგხვდები-არ შეგხვდები ყელში ამოუვიდა;  შენი წინადადება არ მომწონს, მაგრამ უკეთესი მე არ მაქვს; რევოლუცია მინდა, მაგრამ რევოლუციის თავი არ მაქვს – ვისაც ეს მობეზრდა, აგერ ვართ და დაგველაპარაკონ. ჩვენ უახლოეს რამდენიმე დღეში ჩვენს გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.