„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების III რაუნდი მიმდინარეობს

პუბლიკა

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დღეს, 7 დეკემბერს, 11:00-ზე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები მათთვის მისაღებ წინადადებებს ერთმანეთს გააცნობენ და კომპრომისის მიღწევაზე იმსჯელებენ. ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებას ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ესწრებიან.

შედეგად, არაუგვიანეს 13 დეკემბრისა, პარლამენტის პირველ სხდომაზე ან მხოლოდ „ქართული ოცნება“ იქნება, ან ოპოზიცია უარს იტყვის ბოიკოტზე და არჩევნებში მიღებული მანდატებით საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ჩაერთვება.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.

ამ მოთხოვნით, ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. ამ დრომდე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.