„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი მიმდინარეობს

პუბლიკა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკების მომდევნო, IV რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში იმართება და მას ტრადიციულად ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ იმ კომპრომისზე უნდა იმსჯელონ, რომლის სანაცვლოდ ოპოზიცია ბოიკოტს დათმობს და მე-10 მოწვევის პარლამენტში შევა.

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, III რაუნდზე პოზიციები დაახლოვდა და კომპრომისიც გამოჩნდა რიგ საკითხებში, თუმცა არა მათ მთავარ მოთხოვნაზე – 2021 წელს ახალ არჩევნებზე. ცნობისთვის, ოპოზიცია ახალ არჩევნებს, მათი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, პირველი ორის გარეშე, პრაქტიკულად, მესამე მოთხოვნაზე მიმდინარეობს საუბარი. მათივე თქმით, „პოლიტპატიმრებისა” და ახალი არჩევნების გარეშე მესამე კომპონენტზე საუბარი ფუჭად მიაჩნიათ.

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ როგორც ახალი არჩევნები, ისე პლებისციტი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით „წითელი ხაზია“.

მოლაპარაკების სპეციფიკიდან გამომდინარე, რაზე თანხმდებიან და რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები, ამის შესახებ მედიასთან ღიად ვერ საუბრობენ.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს ჩაინიშნა. მანდატი „ქართული ოცნების“ 90-მა დეპუტატმა მიიღო. 60 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და პირველი სხდომის დღეს პარალელურ ღონისძიებას გეგმავს.