ქართულ სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა – მთავრობის დადგენილება

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას) განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 18 თებერვლით თარიღდება.

ასევე, მეორე დადგენილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა ქართულ მრავალხმიანობასაც, რომელსაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე ჰქონდა.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ძეგლს შეიძლება, განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპსა და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან.


„მე ვფიქრობ, რომ ქართული სუფრა არის ჭეშმარიტად ყველაზე დიდი მონაპოვარი ადამიანის ყოფითი ცხოვრების, რამეთუ ქართული სუფრა არის ფოიერვერკი სიყვარულის და ბედნიერების, ყველაზე წარუმატებელი კაციც ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი… მე მგონია, რომ ღვინო იყო პირველადი, ღვინომ მოითხოვა სიმღერა, როგორც ხდება სუფრაზე, მას დასჭირდა გაძღოლაც და კარგი თამადაც ამისთვის აუცილებელია… ადამიანი იმისთვის იბადება, როგორც მოყვარული, უყვარდეს, მოახერხოს, იყოს ბედნიერი, რა თქმა უნდა, შედევრი, ამის ბუკეტი გახლავთ ქართული სუფრა და იქ იყრის ყველაფერი თავს“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე. ნაშრომი ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევას ეხება და ის ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.