ქართულენოვან სექტორში პრაქტიკოსის სტატუსი გაუუქმდა 3457 პედაგოგს, არაქართულენოვანში რჩება 3 774 პრაქტიკოსი

პუბლიკა

ქართულენოვან სექტორში დასაქმებულ 3457 პრაქტიკოს პედაგოგს სტატუსი გაუუქმდა.

არაქართულენოვან სექტორში კი 2023 წლამდე კვლავ დარჩება 3 774 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგი. მათ სტატუსის ამაღლებისთვის ქართულენოვანი სექტორისგან განსხვავებული ვადები ჰქონდათ შეთავაზებული.

ამის შესახებ „პუბლიკას“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

სკოლებმა ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი პედაგოგებისთვის მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე უნდა გამოაცხადონ. იმ შემთხვევაში, თუკი სკოლები პოზიციებს ვერ შეავსებენ, უფლება აქვთ, პედაგოგები, რომლებმაც პრაქტიკოსის სტატუსი ვერ აიმაღლეს, ახალი კადრის პოვნამდე, უსტატუსოდ დაასაქმონ.

საერთო ჯამში, მიმდინარე სემესტრის მონაცემებით, მასწავლებლის სახლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სკოლებში ასწავლის 7231 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი. მათგან ქართულენოვან სექტორში დასაქმებული 3457 პედაგოგი მომავალი სასწავლო წლიდან სტატუსის გარეშე რჩება, რადგან მათ ვერ შეძლეს განსაზღვრულ ვადებში უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება.  არაქართულენოვან სექტორში დასაქმებულ 3 774 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგს კი სტატუსის ამაღლებისთვის ვადა 2023 წლისთვის ეწურება.

მიმდინარე სემესტრის მონაცემებით, სკოლებში ასწავლის 36 610 უფროსი, 7889 წამყვანი და 278 – მენტორი პედაგოგი.

იმისათვის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი სქემაში მომდევნო საფეხურზე გადასულიყო, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო საგნისა და პროფესიული კომპეტენციის გამოცდით დადასტურება.

2021 წლის ზაფხულში პრაქტიკოსებს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ჰქონდათ. მათმა ნაწილმა საგნის, ნაწილმა კი  პროფესიული უნარების გამოცდაზე კომპეტენცია დაადასტურა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ უფროსი პედაგოგის სტატუსის მისაღებად საკმარისი კრედიტქულები დაეგროვებინათ. ამ გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, მიმდინარე სემესტრში სკოლებში როგორც ქართულენოვან, ისე არაქართულენოვან სექტორში 7 ათასზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგი რჩებოდა.

უფრო ვრცლად, მეტი ინფორმაცია, თუ ვინ არიან პრაქტიკოსი პედაგოგები და 2015 წლიდან დღემდე რა გზები ჰქონდათ სტატუსის ასამაღლებლად, წაიკითხეთ სტატიაში: