„ქართული აზრი”, „მარშალრპრესი” „ongo" - რამდენი დახარჯა „ოცნებამ" ინტერნეტ-რეკლამებში

პუბლიკა

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ვებგვერდზე პარტიების წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდა. ის მოიცავს პარტიების ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის შემოწირულებებს, შემოსავლებს, სარეკლამო ხარჯებს და სხვა.

„ქართული ოცნების” შესახებ დოკუმენტში მოცემულია პერიოდი 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტიის საკასო ხარჯებმა ერთ წელში 5 251 510 ლარი შეადგინა, მათგან რეკლამაში ჯამურად დახარჯეს 631 117 ლარი.

ფორმა #4, სადაც „ქართული ოცნების” ხარჯებია მითითებული, აღნიშნულია, რომ მმართველმა პარტიამ რეკლამაში 352 338 ლარი დახარჯა. აქ არ იგულისხმება საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები. საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტია რეკლამებს უკვეთავდა ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა, „ქართული აზრი”, „exclusivenews.ge-ს”, ასევე, „expressnews.ge-სა” და „მარშალრპრესს”.

რაც შეეხება Facebook ხარჯებს, დოკუმენტის თანახმად, მმართველმა პარტიამ სხვადასხვა თვეს Facebook რეკლამებში დახარჯა 32 315 ლარი, ასევე, 79 792 ლარი და 62 002 ლარი.

მაგალითად, ერთ თვეში, კერძოდ, პირველი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, მმართველმა პარტიამ ინტერნეტ რეკლამები რამდენჯერმე დაუკვეთა:

  • შპს ინფონიუსს – 500 ლარი;
  • შპს ნსპ.გეს – 500 ლარი;
  • შპს ქართულ აზრს – 2 000 ლარი;
  • შპს პირველს – 1 500 ლარი;
  • შპს ლიდერი-ექსპრეს ინფოს – 500 ლარი;
  • შპს ექსკლუზივ ნიუსს – 1 000 ლარი;
  • შპს ახალი ამბების სააგენტო კაუკასუსნიუსს – 500 ლარი;
  • შპს ახალ ამბებს – 990 ლარი;
  • შპს აირეგიონს – 1 500 ლარი;
  • შპს Front News – 800 ლარი;
  • შპს მედიაჰოლდინგ კომერსანტს – 1 250 ლარი;
  • შპს კვირა+ – 2 500 ლარი;
  • შპს პოსტალიონს – 500 ლარი;
  • შპს აქცენტი ჰოლდინგს – 1 000 ლარი;
  • შპს ონგოუს – 1 000 ლარი;
  • ა.ა.ი.პ საინფორმაციო სააგენტო „იქს ნიუსს” – 1 600 ლარი;
  • ი/მ დიანა ლიპარტელიანს – 800 ლარი.

მმართველმა პარტიამ 01.02.2023 – 30.06.2023 პერიოდში რეკლამა დაუკვეთა შპს პრაიმ თაიმსაც და ჯამში 10 000 ლარი გადაიხადა.

რაც შეეხება ფორმა #5, სადაც საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯებია აღნიშნულია, მითითებულია, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს რეკლამაში 293 314 ლარი დახარჯა – მათგან, 249 699 ლარი დაიხარჯა ინტერნეტ რეკლამაში, გარე რეკლამის ხარჯმა შეადგინა 43 145 ლარი, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებმა – 470 ლარი.

დოკუმენტში მითითებულია, რომ გარე რეკლამაში იგულისხმება ბილბორდი, ლაით ბოქსი, ქუჩაში დამონტაჟებული ეკრანი, სატრანსპორტი საშუალებებზე განტავსებული რეკლამა და სხვა.

აქ Facebook-რეკლამების ხარჯებმა სხვადასხვა თვეს შეადგინა 19 489 ლარი, 27 248 ლარი, 29 215 ლარი, 6 731 ლარი და 51 261 ლარი.