ქართული ენის მდგომარეობა ყველა მიმართულებით, ეს იქნება ოფიციალური გამოყენების სფერო, ტერმინოლოგიის საკითხი ცალკეულ დარგებში, მასმედია, უმაღლესი თუ სასკოლო განათლების სფერო, არის სრულიად ახლებურად გადასასინჯი და მისახედი. ყველგან არის გაუარესებული [მდგომარეობა], – ამბობს აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ არაბული.
„როგორია ქართული სალიტერატურო ენის თანამედროვე მდგომარეობა“, – „დედაენის დღესთან“ დაკავშირებით „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით დისკუსია გაიმართა.
ინტერნეტდისკუსიისას არაბულმა აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია, შევაჩეროთ სახელმწიფო ენის დანაგვიანების პროცესი და დავიწყოთ მოწესრიგება“.
„საიდან უნდა დავიწყოთ? უპირველეს ყოვლისა [ენის] ნორმებზე რომ ვლაპარაკობდით, პირის ნიშნები იქნება ეს თუ გარკვეული ფორმები, დაბოლოებები, ენის განვითარების შედეგად, გადასინჯვასა და ახლებურ დაწერას მოითხოვს.
არნოლდ ჩიქობავა ამბობდა, რომ ცოცხალი სალიტერატურო ენის ნორმა ვერ იქნება მუდმივი და გაყინული, ისიც ისევე განვითარებადია, როგორც სახელმწიფო ენაა განვითარებადი. ეს ამოცანა დგას ჩვენ წინაშე – ეს კარგად ჩანს ჩვენს პრესაშიც, თარგმანებშიც, სახელმძღვანელოებშიც. ეს ერთია, რაც ჩანს, გრამატიკულ ნორმებს კარგად ხედავს სპეციალისტი, ფილოლოგები და განათლებული ხალხი, კარგად ხედავენ სად აკლია პირის ნიშანი, სად არის დარღვეული ზმნისწინისა და პირის ნიშნის თანმიმდევრულობა და ა.შ.“, – აღნიშნა არაბულმა.
მისივე თქმით, ამ საკითხებთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლექსიკისა და ტერმინოლოგიის საკითხების მოგვარებაც.
„ლექსიკისა და ტერმინოლოგიის საკითხი ეს არის ფაქტობრივად სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი, იმიტომ, რომ ზოგადი კანონი არსებობს, რომ ქართულ ენას არ ეშინია უცხო სიტყვების შემოსვლის, მაგრამ ცნობილია ასეთი კანონი, რომ თუ რაოდენობრივი ცვლილება რაღაც ზღვარს გადააჭარბებს, ანუ ძალიან დიდია, მაშინ ის გადადის ენის თვისობრივ ცვლილებაში, რაც უკვე შეუქცევადი პროცესია და ძალიან სახიფათოა.
ენაში არსებობს ისეთი ღრმა და უჩინარი, თვალით უხილავი, სპეციალისტისთვისაც კი ძნელად დასანახი პროცესები, რომლებიც იწვევს ენობრივი ბუნების გადაგვარებას.
მიაქციეთ ყურადღება ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდების ბგერით სისტემას, ინტონაციას, და არტიკულაციას. ბევრი ენის გავლენის ქვეშ ვყოფილვართ და არტიკულაცია არ იცვლებოდა.
„გატესტავ“ ახლა იტყვიან ხოლმე, გააქართულეს, ზმნაში მოაქციეს. დააკვირდით მეტყველებას, როგორია წინა თაობის საარტიკულაციო აპარატის მოქმედება. აღარ არის ეს ქართული აპარატის მოქმედება… მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნულად შემოიღო პირველი კლასიდან უხცო ენების სწავლა. მანამდე ეს ხდებოდა მესამე კლასიდან, მაგრამ მან 2008 წლის შემდეგ გასცა განკარგულება და პირველი კლასიდან დაიწყო და ბავშვებს, რომლებსაც სახელმწიფო ენაზე, თავის მშობლიურ ენაზე არ აქვს ჩამოყალიბებული სამეტყველო სისტემა, აპარატი და ბგერები, უწყებენ იმის ჩამოყალიბებას, რაც არაა ბუნებრივი ბაზისი, რომელზეც უნდა განვითარდეს თუნდაც უცხოენების შესწავლა.
ეს ერთი ფუნდამენტია, რომელსაც ჩვენ უნდა მოვუაროთ, და ყველა ამ მიმართულებით ეს ნორმები მოსაგვარებელია, რაც შეიძლება ოპერატიულად“, – აცხადებს არაბული.
დისკუსიისას მან ყურადღება გაამახვილა ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტზე და აღნიშნა, რომ ახლანდელი ვითარება იმაზე უკეთესი ნამდვილად არ არის, რაც დეპარტამენტის შექმნამდე იყო.
„ხაზგასმით ვამბობ, რომ ყველა ის მიმართულება, რომელიც ამ დეპარტამენტმა უნდა მოაგვაროს, რა აზრი და რა იდეაც იდო მის შექმნაში, ჯერ კიდევ განსახორციელებლია“, – ამბობს არაბული.