ქართული ხელისუფლება და ქართველი ხალხი ერთნაირია უკრაინის მიმართ სიყვარულში - ოდიშარია

პუბლიკა

„ქართული სახელმწიფო, მისი ხელისუფლება და ხალხი ერთიანია უკრაინელი ხალხის მიმართ სიყვარულსა და დამოკიდებულებაში“, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, თბილისის საჯარო სკოლაში ჩარიცხულ უკრაინელ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს საქართველოს პარლამენტში უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ საქართველოს სახელმწიფოს მთავარ პოლიტიკურ შენობაში რომელიც მთავარ გამზირზე მდებარეობს. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ამ გამზირზე მდებარე სახელმწიფო შენობებზე, კერძო სახლებზე, თეატრებზე და სხვადასხვა დაწესებულებებზე დღეს 33 უკრაინული დროშა დავთვალე. ეს ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო, მისი ხელისუფლება და ხალხი ერთიანია უკრაინელი ხალხის მიმართ სიყვარულსა და დამოკიდებულებაში“, – განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.