„ქართული კინო საფრთხეშია“: კინოცენტრმა გოგა ქობალიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი გააუქმა

პუბლიკა

მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა გააუქმა გოგა ქობალიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი „დროებითი ჭერი“.

მათივე ცნობით, კინოცენტრმა მიზეზად დაასახელა პროექტის კალენდარული გეგმის დარღვევა და პროექტის ჩაბარების ვადის ამოწურვა, „რეალურად კი ორგანიზაციამ თავადვე შექმნა დაბრკოლებები, რათა პროექტი არ შემდგარიყო და ავტორს ფილმის გადაღების საშუალება არ მისცა“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც კალენდარული გეგმის მოხედვით ფილმის გადაღება უნდა დაწყებულიყო, კინოცენტრში დაიწყო ე.წ. რეორგანიზაცია, „რა დროსაც კინოცენტრი მუშაობდა შეფერხებით, სისტემაში იყო ხარვეზები, ახალი თანამშრომლები, რომლებიც არ ერკვეოდნენ სფეროს სპეციფიკაში, თვეებს ანდომებდნენ მარტივი დოკუმენტების გაცემას“.

„რეჟისორს და სცენარის ავტორს, პროდიუსერთან ერთად მიაჩნდა, რომ მაშინდელ ვითარებაში ფილმზე მუშაობის დაწყება, წარმოებას ჩიხში შეიყვანდა“, – წერია განცხადებაში.

იმ პერიოდში კი, როდესაც ფილმის წარმოება უნდა დაწყებულიყო, კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა, მათ შორის გოგა ქობალიამაც, გააპროტესტა „რეორგანიზაცია“.

მოძრაობა აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კინოცენტრი შეფერხებით მუშაობს და თანამშრომლობს მხოლოდ იმ რეჟისორებთან, „რომლებიც დაახლოებული არიან რეჟიმთან, ხოლო ავტორებთან, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს, კინოცენტრი კომუნიკაციაში არ შედის, მათ პროექტებს აჩერებს და მიზანმიმართულად აფერხებს წარმოების პროცესს“.

პროექტის ჩაბარების საბოლოო ვადამდე ოთხი თვით ადრე, მისი საპროდიუსერო კომპანია დაუკავშირდა კინოცენტრს, ორგანიზაციამ დაიწყო სხვადასხვა დოკუმენტის მოთხოვნა, ეს პროცესი ზუსტად იმდენი ხანს გაიწელა, რა დროშიც ფილმი უნდა გადაღებულიყო. საბოლოოდ კინოცენტრმა თავადვე განაცხადა, რომ დოკუმენტაცია, რასაც ითხოვდნენ, არ იყო საჭირო. ამავე პერიოდში გაირკვა, რომ კინოცენტრს ჰქონდა დარღვევები – მან თავის დროზე არ შეატყობინა სახელმწიფო ხაზინას, რომ ავტორმა შეიცვალა საპროდიუსერო კომპანია. ამასთანავე, ორგანიზაციამ დაკარგა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რამაც სახელმწიფო ხაზინისთვის საპროდიუსერო კომპანიის შეცვლაზე ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელი გახადა. ამ შეფერხებებზე პასუხები ხელოვნურად გვიანდებოდა, რამაც საბოლოოდ ამოწურა ფილმის გადაღების ვადები. პროექტის პროდიუსერმა შექმნილი პრობლემების გამო კინოცენტრს წერილობით სთხოვა პროექტის ჩაბარების ვადების გახანგრძლივება, მაგრამ კინოცენტრმა მოთხოვნაზე უარი განაცხადა. გოგა ქობალიასთან შეხვედრისას, კინოცენტრის წარმომადგენლებმა უარყვეს მათ მიერ შექმნილი პრობლემები თუ ხარვეზები, ფილმის განსაზღვრულ ვადებში ვერგადაღებაში კი ავტორი დაადანაშაულეს, პროექტი გააუქმეს, საპროდიუსერო კომპანიას კი თანხა უკან დააბრუნებინეს“, – წერია განცხადებაში.

„პუბლიკა“ შეეცადა კინოცენტრთან დაკავშირებას. პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.