„ამერიკის ხმა“ ავრცელებს ციტატებს „ქართული კოშმარის არაღიარების აქტიდან“, რომელიც გულისხმობს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის არაღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“. ამის მიზეზად, მედიისთვის მიწოდებულ დოკუმენტში დასახელებულია „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“.
აქტის დამტკიცების შემთხვევაში, „ივანიშვილის რეჟიმის აღიარება უნდა აიკრძალოს“. ის მიუთითებს, რომ ამერიკა „აქტიურად უნდა შეეწინააღმდეგოს ივანიშვილის ლიდერობით მოქმედ ხელისუფლებასთან სხვა მთავრობების ურთიერთობას და მათი მხრიდან აღიარებასა თუ ურთიერთობების ნორმალიზებასაც“.
„ამერიკამ სრულად უნდა აღასრულოს პირველადი და მეორეული სანქციები და გამოიყენოს სხვადასხვაგვარი უფლებამოსილება, მათ შორის, „მაგნიტსკის გლობალური აქტი“ და აღმასრულებელი ბრძანება N 14024, რომ შეაკავოს კორუფციული ქმედებები, ან საქართველოს მხრიდან ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის სახელით გატარებული საგარეო გავლენის ოპერაციები“, – ვკითხულობთ აქტში „ამერიკის ხმის“ ცნობით.
გამოცემა განმარტავს, რომ დოკუმენტში მოხსენიებული ბრძანება უშუალოდ რუსეთის მთავრობის მიერ ჩადენილ მავნე საგარეო ქმედებებზე ანგარიშვალდებულებას გულისხმობს.
„ამერიკის ხმის“ წყაროები ამბობენ, რომ დოკუმენტი ოფიციალურად ვაშინგტონის დროით, ხუთშაბათ დილით კონგრესს უნდა წარედგინოს, ხოლო Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კონგრესში 8 აინვარს წარადგენდნენ.
კანონპროექტის ავტორები არიან რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი, სტივ კოენი.