„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” 4 ახალი თანაინიციატორი ჰყავს – თანაინიციატორებად პროექტს დაემატნენ რესპუბლიკელი მაიკლ ტერნერი, დემოკრატი ლოიდ დოჯეტი, რესპუბლიკელი ლავლერ მაიკლი და დემოკრატი ემანუელ კლივერი.
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში 10 იანვარს ოფიციალურად დარეგისტრირდა. მისი წარმდგენი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, თანაინიციატორი კი დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი.
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი კრძალავს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“. მასზე რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი – ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე – ერთობლივად მუშაობდნენ და ის ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონმა კოენის თანაავტორობით, თანასპონსორობით წარუდგინა.
აქტის დამტკიცების შემთხვევაში, „ივანიშვილის რეჟიმის აღიარება უნდა აიკრძალოს”. შეერთებული შტატების პოლიტიკა კი ის უნდა იყოს, რომ არც აღიაროს და არც ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ იმ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იქნება მართული. ამის მიზეზად აქტში დასახელებულია „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“.