„ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 28 ივნისს, პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით რიგგარეშე სხდომაზე განიხილება და მას სექტემბერში სამივე მოსმენით მიიღებენ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღესდღეობით 10 ათასამდე პატიმარია და მნიშვნელოვანია, რომ მათი რაოდენობა შემცირდეს, რათა ქვეყანა ევროპულ მაჩვენებელს დაუახლოვდეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოპტიმალური იქნებოდა პატიმართა რაოდენობის მინიმუმ 1/3-ით შემცირება.
„უკვე არის შედგენილი შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინიციიროთ შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენ, ალბათ, ივლისში რიგგარეშე სესიაზე საუბარი მოგვიწევს, სადაც კონკრეტული საკითხები იქნება განსახილველი. ივლისში შესაძლებელი იქნება პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამნისტიის კანონის შესახებ კითხვა პრემიერ-მინისტრს „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ დაუსვა.
პარტია „გირჩის” წევრებმა პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტი დაარეგისტრირეს და ნარკოტიკულ თუ სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით სასჯელისგან გათავისუფლებისა და შემცირების ინიციატივით გამოდის.