„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს.
„ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს, ან მსგავს საკითხებს, არავის უნდა დაავიწყდეს რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა, როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში, პარტიების მიმართ საკუთარი ნება 2 მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა, ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომელსაც უნდა მივმართოთ, რომ არავინ აპირებს ისე წარვმართოთ პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს“,- განაცხადა ბრიფინგზე კალაძემ.
მისივე განცხადებით, დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ ამ ეტაპზე, არ უნდა გახმოვანებულიყო, ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ დათანხმდებიან ხმების გადათვლას. ამიტომ კალაძის თქმით, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ის ადასტურებს რომ ოპოზიციამ უარი განაცხადა შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე,- ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეო ჩანაწერების ნახვაზე
„როგორც ჩანს მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ.
მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედგებით დასრულდება“,- განაცხადა კალაძემ.