„ქართული ოცნებ“ ხვალინდელ თვითმმართველობის არჩევნებზე ინტერნეტში ახალ პორტალს ქმნის, რომელზეც, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვან ინფორმაციას განათავსებენ.
„დღეს, ჩვენ გვსურს, კიდევ ერთი სიახლე წარმოგიდგინოთ, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე მოსახლეობას შესთავაზებს და ამ სახით ის უპრეცედენტო იქნება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და თავად არჩევნების დღე, როგორც დემოკრატიის ყველაზე ფუძემდებლური მომენტი, უნდა იყოს მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით – „საარჩევნო პორტალი 2021“ – სპეციალური სივრცე ინტერნეტში, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. პორტალი უკვე განთავსებულია მისამართზე elections2021.ge“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე ცნობით, „ქართული ოცნება” ამ არჩევნებზე ჩაატარებს ხმების პარალელურ დათვლას ყველა უბანზე.
„იცით, რომ უბანზე როდესაც ხდება ბიულეტენების დათვლა და დგება ოქმი, ამ ოქმს გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ აღმოჩნდეს საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ ცესკოში და გამოქვეყნდეს.
იცით, რომ პარტიებს ოქმების ასლი ეძლევათ, ამიტომ, იმ ოქმებს იმ მომენტშივე შევიყვანთ ბაზაში და ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება, პარალელური დათვლის მეშვეობით უფრო ადრე გაიგოს შედეგები და ადევნოს თვალი სხვადასხვა უბნის მონაცემებს. ეს მოგვცემს საშაულებას, რამდენიმე საათით ადრე დავასწროთ ცესკოს“, – აცხადებს ის.