„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის „დიფ სთეითის მიერ მართული პროპაგანდისტული იარაღი“ უწოდა.
„ოცნება“ გამოეხმაურა BBC-ის გამოძიებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მედიას არავითარი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი, ხოლო რესპონდენტები ბრალდებული პირები არიან.
„ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ „BBC ასრულებს ბინძურ დაკვეთებს, ავრცელებს სიცრუეს“, რომ ჟურნალისტური გამოძიების მიზანია, „ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია – საქართველოს სახელმწიფოებრიობას“ და დასძენს, რომ მედიას საერთაშორისო სასამართლოებში უჩივლებს.
საერთაშორისო კონსპირაციის თანახმად, deep state არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებულ ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად.
ამ კონსპირაციას „ქართული ოცნება“ ანტიდასავლური გზავნილებისთვის იყენებს.
„იმის გამო, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა მედიამ, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული, საჯაროდ გაავრცელა ცრუ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ბრალდებების დასამტკიცებლად თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიყვანა სტატიაში; იმის გამო, რომ ტყუილებზე აგებული, ეგრეთ წოდებული, „ჟურნალისტური გამოძიება“ ძირითადად კრიმინალების მონათხრობზეა აგებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან; იმის გამო, რომ BBC-მ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხები და სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა; იმის გამო, რომ ეს ბინძური პროპაგანდისტული მასალა არის მცდელობა, ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია – საქართველოს სახელმწიფოებრიობას – მივიღეთ გადაწყვეტილება, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში. გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა, ეგრეთ წოდებულმა, მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო“,- წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
BBC ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, ასევე ინფორმატორებს საქართველოს სპეცრაზმიდან და განაცხადა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება იმ ქიმიური აგენტის გამოყენება, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს.
ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო სხვა ნივთიერებაც.
„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.
ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა 2024 წლის 24 ოქტომბერს.
მაშინ „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმავე წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის მიღების დროს გამოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდნენ.
თუმცა შსს ირწმუნებოდა, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.
გომელაურმა მაშინ თქვა, რომ „მსგავსი საშუალების გამოყენება აკრძალული არ არის და ის გამოიყენება ევროპული ქვეყნების პრაქტიკაშიც“.