საქართველოს პარლამენტში დასრულდა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა, რომელზეც ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაახლოებას ცდილობდნენ.
„ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებიდან ირკვევა, რომ ოპონენტები ერთ კანონპროექტზე კვლავ ვერ შეჯერდნენ.
მმართველი გუნდისთვის მიუღებელია ოპოზიციის ვერსია, რომლის მიხედვით, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული პოლიციელების ამნისტია დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ამნისტია უნდა შეეხოს კონკრეტულ ორ მუხლს და არა 20 ივნისის საქმეზე ყველა შესაძლო დანაშაულს და ასევე ოპოზიციის კანონპროექტი არ ითვალისწინებს იმ პირის თანხმობას, ვისზეც გავრცელდება ამნისტია.
„1 საათი გვქონდა საუბარი. ვისაუბრეთ არგუმენტებზე, ამ საუბრის გადმოცემა შეუძლებელია. მე გითხარით, სად რჩება ჩვენი განსხვავებები. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მეორე მოსმენისას იქნება გათვალისწინებული რიგი შენიშვნებისა, მაგრამ დღეს I მოსმენისთვის აპირებენ თავიანთი პროექტის გამოტანას, რომელშიც არ იქნება ჩვენი შენიშვნები. რთულია თქმა, ზუსტად რას გაითვალისწინებენ, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნების“ პროექტი ოპოზიციის მხარდაჭერას, დიდი ალბათობით, ვერ მოიპოვებს. მისივე თქმით, ოპოზიციის ვერსია სრულ შესაბამისობაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ლელოს“ მოთხოვნები არღვევს მიშელის დოკუმენტში გაწერილი ამნისტიის არსს.
მისივე თქმით, „ლელოს“ ისრების გადატანა სურს დაზარალებულებზე (დაზარალებულის თანხმობის მექანიზმის ჩადებით), რაც ოხანაშვილის შეფასებით, უპასუხისმგებლობაა, რადგან დოკუმენტს ხელი პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს.
„გვსურს, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების შესრულება, სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს აქვთ მეტად თანამშრომლობის მოლოდნი, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით.
„ქართული ოცნება“ გამოვთქვამთ მზადყოფნას, მეორე მოსმენისთვის ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ და დავაახლოვოთ პოზიციები, მეტ დეტალს ვერ გეტყვით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეკითხვაზე, რატომ არ მიჰყვება „ქართული ოცნება“ ამნისტიის ამ დრომდე არსებულ წესს, რომელიც არ ითვალისწინებს იმ პირის თანხმობას, ვისაც უნდა შეეხოს ამნისტია, ოხანაშვილის პასუხია, რომ ის ამნისტიები არ იყო განსაზღვრული შარლ მიშელის დოკუმენტით, ამ დოკუმენტით განსაზღვრულ ამნისტიას კი აქვს პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი. ოხანაშვილისვე თქმით, ამნისტიას ვერ შეახებენ პირს, თუ ის თანახმა არ არის ამაზე.
„არ შეიძლება ადამიანს აიძულო ის, რაც არ სურს. ამ ადამიანს თუ არ სურს ამნისტია, როგორ ვაიძულოთ, რომ ის შეეხოს?“, – აცხადებს ოხანაშვილი.
საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 14:00 საათზე უნდა დაიწყოს. სხდომაზე პირველი მოსმენით „ქართული ოცნების“ ამნსიტიის კანონპროექტი გავა.