„ქართული ოცნება“ დღეს თბილისში კონცერტს მართავს, რომელსაც რეგიონებიდან ჩამოყვანილი სტუდენტებიც დაესწრებიან

პუბლიკა

„საქართველო – ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ – „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდულ კვირეულს იწყებს.

ახალგაზრდული კვირეული დღეს, 20:00 საათზე ორბელიანის განახლებულ მოედანზე კონცერტით გაიხსნება.

„კვირეულის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ახალგაზრდული კვირეული 7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.“ – ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ეს ერთი კვირა ბევრი ღონისძიება გვექნება ამ კუთხით. ეს არის პოლიტიკისგან დაცლილი, საყოველთაო ქართული ზეიმი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციაა ორგანიზატორი. გვექნება ბევრი აქტივობა. 20 000-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. 7000-მდე ახალგაზრდა დაესწრება დღეს ორბელიანზე დაგეგმილ კონცერტს და ამ ეთერითაც მოვუწოდებ თითოეულს, რომ დაესწრონ ამ ღონისძიებას“, – განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ „იმედის“ ეთერში.

ჩაკვეტაძის თქმით, ღონისძიებების ოფიციალური ორგანიზატორი პარტის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია.

„ოფიციალური ორგანიზატორი არის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, თუმცა მგონია, რომ სრულიად დამოუკიდებელი ახალგაზრდული ღონისძიებაა“, – თქვა ჩაკვეტაძემ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და ჰკითხა, დღეს კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე ვინ მიიღებს მონაწილეობას და ასევე – ორგანიზატორობს თუ არა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია სტუდენტების ჩამოყვანის პროცესს რეგიონებიდან.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულ შეკითხვებზე განმარტებას გიორგი ჩაკვეტაძე მედიასთან მოგვიანებით გააკეთებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს 8 საათზე დაგეგმილ კონცერტზე სტუდენტები სხვადასხვა რეგიონიდან სტუდენტური თვითმმართველობების ორგანიზებით ჩამოდიან.

„პუბლიკა“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტ დავით ზოიძეს ესაუბრა. დავით ზოიძის თქმით, ის ბსუ-ს სხვა სტუდენტებთან ერთად თბილისში კონცეტრზე დასასწრებად მოემგზავრება, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, ვისი ორგანიზებით იმართება აღნიშნული ღონისძიება.

„სტუდენტებმა მითხრეს და გამოვყევი. ვიცი, რომ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევის ამბავზეა ეს ღონისძიება“, – გვითხრა დავით ზოიძემ.

მისივე თქმით, მისთვის ასევე უცნობია, თუ რამდენი სტუდენტი გამოემგზავრა ბათუმიდან ამ ღონისძიებაზე დასასწრებად.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ღონისძიებაზე მოწვევა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც მიიღეს. შეტყობინებაში, რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტუდენტებს დაეგზავნათ, წერია, რომ „დაფინანსდება მგზავრობა და კვება“ და კიდევ: „თვითმმართველობა მოაგვარებს“.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტ შოთა კეზერაშვილის, რომელმაც გვითხრა, რომ დღეს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და თსუ-ის თვითმმართველობისთვის არავის შეუთავაზებია სტუდენტების მობილიზაცია, კონცერტზე დასწრების მიზნით.