„ქართულ ოცნება“ გრანტების კანონს ისევ ცვლის.
კანონში ამჯერად განისაზღვრება, რომ გრანტად არ მიიჩნევა ისეთი სახსრები, რომლებიც გაიცემა:
- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ;
- საკონსულო დაწესებულების მიერ;
- საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ
იმ შემთხვევაში, თუ ეს სახსრები ხმარება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს:
- უცხო ქვეყნის ხელისუფლების
- ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ „იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, მიზანშეწონილია შესაბამისი დაზუსტება“.
„საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა, ისევე როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება, თავისი არსით, ემსახურება შესაბამისი სუბიექტის (საერთაშორისო ორგანიზაცია, წარმგზავნი სახელმწიფო) ინტერესების დაცვასა და გატარებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.
მათ საქმიანობაში წარმგზავნი სუბიექტის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესები, მიდგომები ან ურთიერთობები, ხშირ შემთხვევაში, მთავარ ადგილს იკავებს“, – აღნიშნავენ ინიციატორები.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. მისი პირველი მოსმენა დღეს, 7 აპრილს, იურიდიულ კომიტეტზე შედგება.
„ქართულმა ოცნებამ“ გრანტების შესახებ კანონში ბოლო ცვლილებები 2026 წლის 4 მარტს მიიღო.
კანონით გაფართოვდა გრანტის განმარტება. დღეს მოქმედი კანონით, გრანტად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციისგან, უცხო ქვეყნის მთავრობისგან/სხვა ქვეყნის მოქალაქისგან მიღებული სახსრები, რომელიც ხმარდება/შეიძლება მოხმარდეს:
- ხელისუფლებაზე ან საზოგადოებაზე ზეგავლენის მიზნით ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ;
- ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
გრანტად ასევე მიიჩნევა:
- პოლიტიკური ინტერესების შესასრულებლად გაწეული ტექნიკური დახმარება – უსასყიდლოდ ან ანაზღაურების სანაცვლოდ;
- სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობისთვის გადაცემული სახსრები.
ამ გრანტების მიღებას საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.
ზოგიერთ შემთხვევაში თანხმობის მისაღებად მთავრობისთვის მიმართვა სავალდებულო იქნება ისეთი გრანტის გამოსაყენებლად, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე იქნა მიღებული.
კანონის მოთხოვნების დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს – სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც.