„ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„აქვე მინდა გაცნობოთ, რომ „ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად პარლამენტს წარედგინება კახა კუჭავას კანდიდატურა. მას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, ასევე აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მან სათანადოდ განახორციელოს სპიკერის ფუნქციები. წარმატებებს ვუსურვებ კახა კუჭავას ამ ახალ პოზიციაზე“, – განაცხადა კობახიძემ.


არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ განცხადება მან „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„მინდა, გაგაცნოთ სიახლე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებულ იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე”, – განაცხადა თალაკვაძემ.