„ქართული ოცნება" საარჩევნო გარემოს არსებითი გაუმჯობესებისთვის არ არის განწყობილი - ვახუშტი მენაბდე

პუბლიკა

საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე პროექტთან დაკავშირებულ შენიშვნებზე საუბრობს. 

„ეს ის სამუშაო ჯგუფია, რომელიც „ქართული ოცნების“ და „მოქალაქეების“ მემორანდუმის კანონად ქცევისთვის შეიქმნა. ჩვენ ასე გვესმის: ამ ჯგუფის მიზანი საარჩევნო გარემოს არსებითი გაუმჯობესებაა. მან უნდა შექმნას თვითმმართველობის არჩევნებზე სამართლიანი შედეგის დადგომის გარანტიები.

3-საათიანი განხილვისა და ამასზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ, ერთი რამის თქმა შემიძლია: ისინი დღეს ასეთი გაუმჯობესებისთვის არ არიან განწყობილები. ან უფრო ამბიციურ გეგმაზე უნდა წამოვიდნენ ან არადა უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ტექნიკური ცვლილებებისთვის ვართ იქ და არა „ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმითვის“ (როგორ ეს მემორანდუმში წერია).

განვიხილეთ ხელისუფლების მიერ მომზადებული კანონპროექტი და სამი ძირითადი პრობლემაა (საჭიროა სამივეს მოგვარება, ერთიც თუ შენარჩუნდება ამოცანა ვერ გადაიჭრება):

1. საარჩევნოს სისტემა, რომელიც ისევ აძლევს მმართველ გუნდს არაპროპორციული უმრავლესობის მოპოვების შანსს;

2. ცესკოს წევრების არჩევაში ოპოზიციის სავალდებულო თანხმობის მექანიზმის არ არსებობა;

3. ამომრჩევლის ნების კონტროლის თავიდან აცილების ეფექტიანი მექანიზმები”, – წერს ვახუშტი მენაბდე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „საერთაშირისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა ყურადღება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით გაამახვილა. 

„ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იყოს, ერთი ვარიანტი სწორედ ის არის, რომ იყოს კი ბატონო, მხოლოდ პროფესიული ნიშნით, მაგრამ იყოს იქ ჩადებული ისეთი მექანიზმები, რომ მართლაც პროფესიული ნიშნით იყოს შერჩეული და არა ისე როგორც დღეს ხდება, როცა ისინი რეალურად პროფესიული ნიშნით არ არიან შერჩეულნი და არიან მიკერძოებულნი. უბრალოდ ვერ ვხედავთ, რომ წარმოდგენილი წინადადება რაიმეს აგვარებს ამ მხრივ და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რისკები კვლავ არსებობს და მოგვარების გზა როგორი იქნება, ამაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი აზრით, თუ ეს არ მოხდება და ვერ გასწორდება, ლოგიკურია, რომ ისევ დავტოვოთ შერეული, უბრალოდ პარიტეტულ საწყისებზე – თითომ თითო წარმომადგენელი დანიშნოს და არა – სამი.

აქ არის მეორე თემაც – ინარჩუნებენ თუ არა არსებული კომისიები უფლებამოსილებებს. დღეს რაც შემოგვთავაზეს არის, რომ მხოლოდ პარტიების დანიშნულ წევრებს შეუწყდებათ უფლებამოსილება და პროფესიული ნიშნით დანიშნულებს – არა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, ადგილობრივი არჩევნები უნდა ყოფილიყო ორიენტირი, რაზეც ვერ მოვისმინეთ ჩამოყალიბებული პოზიცია პარტიების მხრიდან, მაგრამ ამ დოკუმენტიდან გამომდინარე, ასე არ არის და არსებული კომისიები შეინარჩუნებენ უფლებამოსილებებს და გამოვა, რომ მხოლოდ პარტიების დანიშნული წევრები არ იქნებიან, ეს რამდენად მოაგვარებს პრობლემას, აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია უნდობლობის კუთხით, რაც არსებობს დღეს”, – განაცხადა ნატროშვილმა.

ცესკო-ს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ძირითადი პოზიციაა, რომ პროფესიული იყოს სრულად პროფესიული, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„განვიხილეთ ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, გვქონდა სხვადასხვა ვერსიაზე საუბარი. იცით, რომ მემორანდუმში გათვალისწინებულია სრულად პროფესიულ სისტემაზე გადასვლა და გვქონდა ამაზე საუბარი ეს სისტემა იყოს თუ სხვა სისტემა და ამ სისტემის დროსაც, როგორ იყოს დაკომპლექტება ისე, რომ არსებობდეს სრული ნდობა. განვიხილეთ სხვადასხვა ვერსია.

ძირითადი პოზიციაა, რომ პროფესიული იყოს სრულად, იყო მოსაზრება, რომ ამ ეტაპზე შეიძლება შერეულიც იყოს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგია პროფესიული და თუ კარგია პროფესიული, ამიტომ სჯობს იყოს პროფესიული, აქ ერთადერთი მნიშვნელოვანია, რომ დაკომპლექტების დროს იყოს უზრუნველყოფილი, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ იყოს, რომ დაკომპლექტება ხდება მიკერძოებით, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პროპორციებზე მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემას შორის.