„ქართული ოცნება“ შიშის გამო გაექცა ყველაზე მთავარ ოპოზიციურ ძალას - დეკანოიძე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე დღევანდელ პლენარულ სხდომას „პარლამენტის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტს“ უწოდებს, სადაც მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების სხდომათა დარბაზში შესვლიდან 10 წუთში სხდომა დასრულდა.

„მოხდა უპრეცენდენტო ფაქტი საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, როდესაც უმრავლესობამ და ხელისუფლებამ, ანუ იმ ადამიანებმა, რომლებიც წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“, ბოიკოტი გამოუცხადეს თვითონ სესიას და სხდომას.

ანუ მას შემდეგ, რაც დღეს ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მივიღებთ მონაწილეობას და ძალიან აქტიურ მონაწილეობას ისეთი საკითხების განხილვაში, რომლებიც აწუხებს საზოგადოებას, მათ შორის ეს არის პარტიების დაფინანსების საკითხის ჩახსნა, როდესაც „ქართულ ოცნებას“, ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს რეპრესიული კანონმდებლობა მიიღოს, ასევე ამნისტიის კანონპროექტის განხილვა. და როდესაც კიდევ ათზე მეტი საკითხი იყო განსახილველად შემოტანილი, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დარბაზში შესვლისთანავე 10 წუთში უმრავლესობამ დაასრულა სხდომა და გაიქცა სხდომის დარბაზიდან.“

დეკანოიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“, შიშის გამო გაექცა ყველაზე მთავარ ოპოზიციურ ძალას.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“, უმრავლესობა, ჩამოშლილი ხელისუფლება, რომელსაც არავითარი საყრდენი არა აქვს, რეალურად გაექცნენ შიშის გამო ყველაზე მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც ნამდვილად აინტერესებდა, რომ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა ისეთი საკითხების განხილვაში, რომლებიც არის უმნიშვნელოვანესი და ადასტურებს „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკურად მართლმსაჯულების საკითხების განხორციელებას საქართველოში“, – განაცხადა დეკანოიძემ.