77 მომხრე 23 წინააღმდეგი – „ქართული ოცნების“ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტმა II მოსმენაზეც დაუჭირა მხარი.
კანონპროექტს დეპუტატების წინაშე ავტორი ანრი ოხანაშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში წარადგენდა. მას ოპოზიციონერების კრიტიკის მოსმენა და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია.
კანონპროექტის განხილვის დროს სხდომათა დარბაზში რამდენჯერმე სიტყვიერი შელაპარაკებაც იყო.
აღსანიშნავია, რომ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომას, 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ პირველად, „ნაციონალური მოძრაობა“ დაესწრო.
მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის მიუღებელია ამნისტიის პროექტით გათვალისწინებული თანხმობის მექანიზმი. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მუხლი ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და პროექტში ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩაიდო.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები რჩებიან პოზიციაზე, რომ თუ პირს არ სურს, შეეხოს ამნისტია, ნების საწინააღმდეგოდ სასჯელისგან მას ვერ გაათავისუფლებენ.
„პროექტში ვერ ნახავთ სიტყვას, რომ პირმა თანხმობა უნდა გამოხატოს – „თანახმა ვარ ამნისტია შემეხოს!“. ამნისტია არის პირის უფლება. ჩვენ გთავაზობთ ვინმე კი არ ვაიძულოთ, არამედ არჩევანის უფლება დავუტოვოთ და თუ ამნისტია სურს და ამის წინააღმდეგი არ არის, ამნისტია შეეხოს“, – თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
ზოგი დეპუტატი ამნისტიის განხილვის შეწყვეტის ინიციატივითაც გამოვიდა, თუმცა მათ განუცხადეს, რომ ამ პუნქტს ე.წ. მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი – II მოსმენაზე ინიცირებული ვარიანტი
მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში რამდენიმე მუხლში შესწორდა.
პირველ მუხლში განისაზღვრა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა, ვინ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 19-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
ამავე მუხლით, პირი, რომლის მიმართ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია, ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 1441-1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
კანონპროექტით, პირის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დაუცველად, სასჯელის დანიშვნით. აღნიშნული განაჩენი საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტს გაეცანით ბმულზე
ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს გაეცანით ბმულზე
რა წერია მიშელის დოკუმენტში ამნისტიაზე:
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.