„ქართული ოცნების“ დასასრული ქვეყანაში“ – აქტივისტებმა პარტიის ოფისთან ყვავილების გვირგვინი მიიტანეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები.

მათ „ქართული ოცნების“ ოფისთან მიიტანეს ბანერი წარწერით – „არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“ და, ასევე – ყვავილების გვირგვინი, რაც, მათივე განმარტებით, სიმბოლურად აღნიშნავს „ქართული ოცნების“ დასასრულს.

„გუშინ სამთავრობო მედია აანონსებდა ოკუპაციასთან მებრძოლი ნიკა მელიას დასასრულს, მაგრამ დღეს შეიქმნა მოცემულობა, რომ „ქართული ოცნება“ სრულდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დღეს სიმბოლურად მოვიტანეთ „ვენოკი“, მაგრამ ეს არის საზეიმო „ვენოკი“, ქართველ ხალხს აქვს მიზეზი, იზეიმოს „ქართული ოცნების“ დასარული ამ ქვეყანაში“, – აცხადებენ აქტივისტები.

პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდგომ უმრავლესობის სხდომა უნდა დაიწყოს.

დღეს, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.