„ქართული ოცნების" დეპუტატი ნიკა გვარამიაზე ჰომოფობიურ სტატუსს აქვეყნებს

პუბლიკა

მე-10 მოწვევის პარლამენტის უმრავლესობისა და პარტია „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე facebook-ზე „მთავარი არხის” გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე ჰომოფობიურ სტატუსს აქვეყნებს.

„577 XX XX XX ქვეყნის მთავარი ქათმის ტელეფონის ნომერი”, – ის ამჯერად სოციალურ ქსელში გვარამიას მობილურის ნომერს აქვეყნებს ჰომოფობიური მინაწერით. აღსანიშნავია, რომ გვარამიას ტელეფონის ნომერი დეპუტატმა თეა წულუკინმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე საჯაროდ განაცხადა.

ამგავრი ჰომოფობიური სტატუსი სამხარაძის მხრიდან პირველი შემთხვევა არაა. მან 31 იანვარსაც მსგავსად მოიხსენია ნიკა გვარამია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მიხედვით, დეპუტატმა საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა დაიცვას ქცევის წესები, მათ შორის:

„საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება”, – ვკითხულობთ ეთიკის კოდექსში.


„პუბლიკა” გმობს და ემიჯნება ჰომოფობიურ გამონათქვამებს.