„ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა. ფაქტის ამსახველ ვიდეოს მედია ავრცელებს. ამ წუთებში „ოცნების” ოფისთან „შინ ევროპისკენ” აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი. პროტესტი მონაწილეები მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებენ.
დღეს აქცია „შინ ევროპისკენ” 8 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყო. მოგვიანებით აქციის მონაწილეების ნაწილმა „ოცნების” ოფისთან გადაინაცვლა. გამზირზე დარჩენილებს კი, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა აქციის გეგმა გააცნო.
აქციის მონაწილეთა ნაწილი, ისინი, ვინც ღამით რუსთაველის გამზირზე დარჩებიან, დილით გადაინაცვლებენ მთავრობის სასახლესთან, სადაც მშვიდობიან, მჯდომარე პროტესტს გამართავენ. დიღმელაშვილის თქმით, ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ორგანიზატორები გამოსვლებით „თავს არ შეაწყენენ“ და ეს დრო შეუძლიათ გამოიყენონ „ერთმანეთთან, მეგობრებთან სასაუბროდ“.