„ქართული ოცნების“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე გადადგა.
ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას.
მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან, ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს.
მადლობა მსურს, გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას.
მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა“,- ვკითხულობთ ალექსანდრე წულაძის განცხადებაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ 2024 წლის 2 ოქტომბერს დაიკავა.
ალექსანდრე წულაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორად და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ასევე იყო განათლების მინისტრის პირველი მოადგილეც.