არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის მოდელს აფასებენ.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოთავაზებული მოდელი მიუღებელი და არასერიოზულია.
„20 დეკემბერს, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემაზე გამართულ რიგით მეოთხე შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა მმართველი გუნდის შემოთავაზება საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ, ისე რომ 150 საპარლამენტო მანდატიდან 50 მაჟორიტარული და 100 პროპორციული წესით განაწილდეს.
„ქართული ოცნება“ აღნიშნულ შემოთავაზებას პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლის ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ „ოპტიმალურ კომპრომისულ გადაწყვეტილებას“ უწოდებს. სინამდვილეში, დღეს გაჟღერებული შემოთავაზებით მმართველი გუნდი კიდევ უფრო შორს წავიდა და დაადასტურა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც გააუქმოს. ეს ინიციატივა არა კომპრომისის მიღწევას და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას, არამედ სრულად პროპორციულ მოდელთან დაკავშირებით უკვე არსებული იმ რეგულაციის გაუარესებას იწვევს, რომელთან დაკავშირებითაც ქვეყანაში დიდი ხანია პოლიტიკური კონსესუსი არსებობს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გაცხადებული ინიცატივა სრულად მიუღებელი და არასერიოზულია.
აღსანიშნავია, რომ მოცემული ინიციატივა კონსტიტუციის დღეს არსებულ რედაქციასთან შეუსაბამოა და საჭიროებს კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას. აქამდე, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე. წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული საარჩევნო სისტემა სწორედ იმის გამო დაიწუნა, რომ თითქოს ის კონსტიტუციას არ შეესაბამებოდა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი იყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების რესურსი აქვს, მართებული იქნებოდა, რომ ეს რესურსი გამოყენებულიყო პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად ან იმ ცვლილებისთვის, რაც „ქართული ოცნების“ აზრით ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული მოდელს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანდა.
სინამდვილეში, მმართველი პარტიის 20 დეკემბრის ინიციატივა ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთ საზრუნავს წარმოადგენს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც მხოლოდ მის ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოერგება და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ამ პარტიის ყოფნას ხელისუფლებაში, რაც შეიძლება დიდი ხნით. ამ ფონზე, კიდევ უფრო აშკარაა, რომ პროპორციული სისტემის დაპირების შეუსრულებლობა მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. ამბოხი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს და მის თავმჯდომარეს – ბიძინა ივანიშვილს. 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდებამ არამარტო ქვეყნის შიგნით შექმნა არასტაბილური პოლიტიკური გარემო, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის იმიჯი მის ფარგლებს გარეთ, სააერთაშორისო პარტნიორების თვალში.
მოვუწოდებთ, მმართველ გუნდს კარგად გაიაზროს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და საზოგადოების მოთხოვნისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილების შესაბამისად, შეასრულოს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაპირება,“- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი (EPRC); საზოგადოება და ბანკები; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ცენტრი „ემპათია“; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ლიბერალური აკადემია – თბილისი;