„ქართული ოცნების“ ლობისტის წერილი აშშ-ის კონგრესმენებს | პოლიტიკური შეფასებები

პუბლიკა

ლობისტური კომპანიის hogan lovells-ის წარმომადგენელმა, ნორმ კოლმანმა წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს, რომელშიც 13 კონგრესმენის მიერ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტზე საუბრობს. წერილში, რომელიც 16 ივნისით თარიღდება და თან ერთვის „ქართული ოცნების“ განცხადებაც, კოულმანი წერს, რომ „ქართული ოცნება“ გამოხატავს შეშფოთებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ნეგატიური განცხადების გამო.


ნორმ კოულმანის წერილს საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. მათ გაიმეორეს კოულმანის წერილზე თანდართული „ოცნების“ განცხადების შინაარსი და თქვეს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები საერთო ისტორიის განმავლობაში ყველაზე მყარია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე 13 კონგრესმენის მიერ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ მომზადებულ სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ფრაზა ბიძინა ივანიშვილის პუტინთან ახლო კავშირის შესახებ დოკუმენტის კონტექსტიდან ამოვარდნილია და ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების ძალისხმევის შედეგია.

„ბუნებრივია, 170-გვერდიან დოკუმენტს პარლამენტარები ზედმიწევნით ყოველ წინადადებას არ ეცნობიან ხოლმე, ეს დაადასტურა ერთ-ერთმა კონგრესმენმა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტი ყველამ დაადასტუროს იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს, რასთან გვქონდა რეალურად საქმე. ეს ერთი ფრაზა იყო მოწყვეტილი მთლიანად კონტექსტს და ამავე დოკუმენტის საერთო სულისკვეთებას. ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ეს ხარვეზი ამ დოკუმენტში – იყო ეს ლობისტების ძალისხმევა, თუ რაიმე სხვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ლობისტების ძალისხმევა, ნაცმოძრაობის ლობისტებზეა საუბარი”.

ირაკლი კობახიძის მსგავსად, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეც ამბობს, რომ კონგრესმენები მოცულობით დოკუმენტს დეტალურად რომ არ იცნობდნენ, ეს ბუნებრივია. კილაძე ამბობს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ისტორიის მანძილზე ყველაზე ძლიერ პოზიციაზეა.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილი, მართლაც, ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა და ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილი ფული მის რეპუტაციას ვერ გადაარჩენს.

„სიმართლეა, რაც 170-მა კონგრესმენმა თქვა, რომ ივანიშვილი არის რუსეთის მოკავშირე, ივანიშვილი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფაქტორი. არაფერსაც არ ამოიღებენ „რესპუბლიკური პარტიის“ მოხსენებიდან. აი, ბატონო, გეუბნებით თქვენ, აღდგომა და ხვალეო. ტყუილად ხარჯავს ამ ლობისტებში ივანიშვილი ფულს,“ – აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

გოცირიძის მსგავსად, „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც ფიქრობს, რომ კონგრესმენების ანგარიში საქართველოში არსებულ ობიექტურ რეალობას ასახავდა და ამას „ოცნების“ ფინანსური რესურსი ვერ უშველის. „რამდენადაც ეს არის ძალიან ობიექტური შეფასება და არის ჩვენი მეგობრების შეფასება. ამას ლობისტი ვერ შეცვლის. ეს არის ფულის განიავება „ქართული ოცნების“ მხრიდან”.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილმა ხალხის მხარდაჭერა დაკარგა და ეს მას რუსეთის მხარდაჭერის ფასად დაუჯდება.

„სამარცხვინო რეჟიმებსა და დიქტატურებთან იმავე კლასტერში იმყოფება დღეს სოლოლაკის ძალიან თავმოჭრილი მმართველი, რომელსაც ერთადერთი მფარველი დარჩა მოსკოვში პუტინის სახით და რომელზეც ძალიან მალე იტყვიან უარს, როგორც სჩვევია რუსეთის მმართველ ელიტას“.

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ივანიშვილის სახელის დასაცავად და ქვეყანაში არსებული ფუნდამენტური პრობლემების დასამალად მილიონებს ხარჯავს.

„როდესაც დასავლეთი და ჩვენი მეგობარი ქვეყნები ხედავენ ფუნდამეტურ პრობლემებს მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც ხედავენ კორუფციულ მმართველობით სისტემას, რომელიც დემოკრატიასთან არსებითად შეუთავსებელია – ასეთ პირობებზე მილიონობით ლარი ხარჯო წერილებში, ეს არის ფლანგვა ფინანსებისა და დროის რესურსის”, – აცხადებს აბესაძე.