„ქართული ოცნების“ მიერ გაშიფრული „სქემა“ | წულუკიანის ბრიფინგი და შეფასებები

პუბლიკა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული სქემა, რომლის მიხედვით, ოპოზიციური სპექტრის „ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები“ შეეცდებიან, შექმნან ცრუ ინფორმაციები:

„თითქოსდა იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტმა არჩევნების გამჭირვალედ ჩატარებას ვერ გაართვა თავი და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განახორციელონ გარკვეული ქმედებები“, – განაცხადა მან.

წულუკიანის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებისთვის დარეგისტრირებული 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან ერთი მეოთხედი –32 მათგანი ან პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებულია.

„ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“. 20 ორგანიზაციაა ასეთი, 8 ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“  ერთ-ერთ დანაყოფს „ევროპულ საქართველოს“ და ასევე არის 2 ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცაია, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი, ერთ-ერთი დანაყოფის სახელზე. ეს არის „სტრატეგია აღმაშენებელი“. 2 ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია „პატრიოტთა ალიანსთან“ არის კავშირში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ჩამოთვალა იმ ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც, მისი მტკიცებით, კავშირში არიან ოპოზიციურ პარტიებთან:

  • „რეფორმატორთა კლუბი“, რომლის დამფუძნებელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე ამ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციისა დღესაც არის ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა.

  • რეგისტრირებულია მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ სამგორში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი.

  • „ახალი ხედვა საქართველო“ – თავმჯდომარეა „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალგზის შემწირველი და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი, ყველასთვის ცნობილი გიგა ნასარიძე.

  • „მშვიდობის ლეგიონი ფენიქსი“, რომლის თავმჯდომარეც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს  წევრი  ბესიკ წერედიანია.

  • სამოქალაქო პლატფორმა „2020“ – ეს არის ნიკა მელიასა და დავით საყვარელიძის ახლო გარემოცვა.

  • ამ ორგანიზაციის შვილობილია მორიგი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჰაბი საქართველო“ , სადაც კვლავ ურუშაძე და ფარულავა არიან გამგეობის წევრები, ხოლო „ჰაბი საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე და ხელმძღვანელი, დიდი დამკვირვებელი გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ „სოდის“  მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას ძმა გიორგი კოდუა.

  • „მოძრაობა საქართველოს -ერთობისა და გაერთიანების“ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლის წევრია ელენე ოზაშვილი, რომელიც 2017 წელს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ახლა ამ არჩევნებზე გახლავთ „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში.

  • „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია“ – გამგეობის წევრები არიან სტრატეგია აღმაშენებლის პროპორციული სიის მესამე ნომერი, პაატა მანჯგალაძე, მეჩვიდმეტე ნომერი – ლაშა დიაროვი.

  • „სიტყვა ქართული“, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ არჩევნების წარმართვას დააკვირდება – ესეც ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციაა და აქ არის გამგეობის წევრი, ბატონი ფრიდონ ინჯია, რომელიც ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ ამ არჩევნებზე პარტიული სიის, „პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის მეშვიდე ნომერია და მსხვილი შემწირველი ამ პარტიისა.“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, ეს გაშიფურლი სქემა გადაეგზავნება ODHIR-ს და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.


იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის ბრიფინგს უპასუხა მოხსენიებული პარტიებისა და ორგანიზაციების ნაწილმა.

დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია რამდენიმე წელია, არჩევნებს აკვირდება როგორც საქართველოში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში.

„საქართველოს კანონმდებლობით, თუ შენ რამდენიმე წლის განმავლობაში არ ახორციელებ სამეთვალყურეო მისიებს, შენ უფლება არ გაქვს, რომ დარეგისტრირდე ანუ თქვენ რომ დღეს წახვიდეთ იუსტიციის სამინისტროში და დაარეგისტრიროთ არასამთავრობო ორგანიზაცია, თქვენ უფლება არ გექნებათ დამკვირვებლობის. მაგალითად, ჩემი ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული 2014 წელს, დამკვირვებელი იყო 2016-17-18 წლების არჩევნებზე, ასევე დამკვირვებელი იყო უკრაინაში ეს ორგანიზაცია, ასევე დამკვირვებელი იყო შუა აზიასა და აზერბაიჯანში“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, არასამთავრობოების დემონიზაცია ავტორიტარული და პუტინის რეჟიმისთვის დამახასიათებელი მეთოდია.

„ჩვენ გვყავს ქვეყანაში მრავალწლიანი ტრადიციის სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და იყვნენ კრიტიკულები წინა ხელისუფლების დროს, არიან კრიტიკულები ახლა“, – განაცხადა ბოკერიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე, რომელიც ასევე მოხსენიებულია „სქემაში“ ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია ეწევა არაფორმალურ განათლებას ახალგაზრდებში.

„ეს ახალგაზრდები არ არიან ჩვენს პარტიასთან დაკავშირებულები. ამ ახალგაზრდების მისია და ამოცანა არჩევნების დღეს არის პროცესის მონიტორინგი. თუ ყველაფერი სამართლიანად ჩატარდება, რა კითხვის ნიშანი შეიძლება გვქონდეს ამ ახალგაზრდებთან დაკავშირებით?“, – ამბობს მანჯგალაძე.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ პროგრამების დირექტორი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ის 2016 წელს იყო მეგობრის, ირაკლი ბერიაშვილის შტაბის ხელმძღვანელი მცხეთაში. დღეს კი არც ბერიაშვილია პოლიტიკაში და არც თვითონ არის იმ პარტიის წევრი, რომლის კანდიდატიც იყო ბერიაშვილი.

„ეს არის ურთიერთობები, რომელიც მე მაქვს როგორც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებთან. მაგალითად, გადაღებული მაქვს ფოტო აჩიკო თალაკვაძესა და მათ სხვა ლიდერებთან; ასევე, პირადი ურთიერთობები მაკავშირებს რამდენიმე ადამიანთან, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ოპოზიციურ პარტიებს“, – განაცხადა ფარულავამ.