„ქართული ოცნების” მთავრობა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს.
ინფორმაცია „პუბლიკას” ევროკომისიაში დაუდასტურეს.
ღონისძიება 18 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.
ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, მათი პოზიცია ნათლად არის ასახული გაფართოების პაკეტში.
წერილში, რომელიც „პუბლიკამ” მიიღო, ნათქვამია:
„გაფართოების ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო უფრო და უფრო შორდება ევროკავშირის გზას.
ანგარიშში ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო რეფორმების კუთხით უკუსვლაა აღნიშნული, რაც უპრეცედენტოა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის.
სიტუაცია გაუარესებულია, დემოკრატიის კუთხით კი სერიოზული უკუსვლაა, რაც გამოიხატება კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით.
2024 წელს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა.
შესაბამისად, ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზეა ორიენტირებული.
ვადასტურებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ფორუმზე მიწვეულები არ არიან”.
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიში, რომელიც აფასებს კანდიდატი ქვეყნების პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.
საქართველოს შემთხვევაში დასკვნა მკვეთრად უარყოფითია.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან „მხოლოდ სახელი დარჩა” და რომ „სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”.