„ქართული ოცნების“ მთავრობა ირანს აიათოლა ხამენეისა და სხვა ლიდერების დაღუპვას უსამძიმრებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას აიათოლა ხამენეისა და სხვა ლიდერების დაღუპვას უსამძიმრებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ოცნების“ მთავრობა „ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას“.

„საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.

საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.


28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დილიდან დაიწყეს. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ეს „პრევენციული შეტევაა“.

როგორც მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ირანის მხრიდან არსებობს ბირთვული და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საფრთხე.

ტრამპმა ირანის სარაკეტო ინდუსტრიის სრული განადგურება დააანონსა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ბაჰრეინში, ყატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

მათ შორის დაიბომბა: დუბაის საერთაშორისო აეროპორტი; ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი; ზაიედის საერთაშორისო აეროპორტი, დუბაი; ერბილის საერთაშორისო აეროპორტი, ერაყი; სასტუმრო „ფეირმონტ პალმ“, დუბაი; სასტუმრო „ბურჯ ალ არაბი“, დუბაი; სასტუმრო „კრაუნ პლაზა“, ბაჰრეინი; დუბაის პორტი; ჰაიფას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა; საცხოვრებელი ტერიტორიები ბეით შემეშიში, ისრაელი; საცხოვრებელი ტერიტორიები თელ-ავივში, ისრაელი; „ერა ვიუს თაუერსის“ საცხოვრებელი ტერიტორია, ბაჰრეინი; საცხოვრებელი ტერიტორიები კატარში.

რეგიონის ქვეყნებმა ჩაკეტეს საჰაერო სივრცე, ავიაკომპანიებმა კი ფრენები შეაჩერეს.

აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტმების შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერი, აიათოლა ხამენეი დაიღუპა. ასევე, დაიღუპნენ ირანის სხვა პოლიტიკური ლიდერებიც, მათ შორის თავდაცვის მინისტრი, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი, თავდაცვის საბჭოს მდივანი და ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი.