„ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

პუბლიკა

„I – ია კერზაია, II – ნუგზარ ფუტკარაძე, III – საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე” – თბილისში „ქართული ოცნების” ოფისთან აქცია გაიმართა.

„ამ პარტიის ლოგო არის სისხლიანი რეჟიმის სახე. უამრავი ადამიანი ვიცით, რომლებიც შეეწირნენ მათი კომფორტის ზონის შექმნას და მათ ხელისუფლებაში დარჩენას. ეს დაიწყო მათ შორის 2012 წლიდან, ბარბარე რაფალიანცის საქმე დღემდე გამოუძიებელია. ასევე გვაქვს ია კერზაიას ქეისი, ნუგზარ ფუტკარაძის, ასევე, ლექსო ლაშქარავას ქეისი, რომლის დაცვაც ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ” იმიტომ, რომ არ გაენაწყენებინა წინასაარჩევნოდ რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფები. „ქართული ოცნება” იზამს ყველაფერს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, იქნება ეს მოსყიდვა, დაშინება თუ ადამიანების მკვლელობა”, – თქვა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.


ბათუმში ახლად არჩეული საკრებულოს დეპუტატის, ენმ-ის გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

„ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის გიორგი კირთაძის თქმით,  გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი ზეწოლას ახდენდა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებლისგან გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა, რაც ნერვიულობას უკავშირდება.