„ქართული ოცნების“ პარლამენტი „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს დაჩქარებულად განიხილავს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტი „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებებს, სავარაუდოდ, ხვალ საბოლოო მოსმენით უყრიან კენჭს და მიიღებენ.

როგორც ცვლილებათა კანონპროექტშია ნათქვამი, კანონპროექტის მიღების შედეგად:

  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რაც მიზნად ისახავს მასწავლებლის მომზადების სისტემის ოპტიმიზაციასა და მოთხოვნაზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო მოდელების გაძლიერებას.
  •  უზრუნველყოფილ იქნება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტების რეორგანიზაციის პროცესების სამართლებრივი სიცხადე და რეორგანიზაციის პროცესის ეფექტიანი და გამჭვირვალე განხორციელება;
  •  აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა, ასევე დარეგულირდება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე არჩევა შესაძლებელი იქნება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირისთვის, რომლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება არანაკლებ 10 წელია და რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული პროფესიული ან სამეცნიერო მიღწევებით. ასევე დაარეგულირდება წამყვანი პროფესორის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები, რაც უზრუნველყოფს აკადემიური მმართველობის ხარისხის ამაღლებასა და უნივერსიტეტის საკადრო პოლიტიკის რეფორმის პრაქტიკულ განხორციელებას.
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით განახორციელონ ის პროგრამები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით არ იქნება გათვალისწინებული. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამებზე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შესაბამისი ვადით გააგრძელონ სწავლა აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, კანონპროექტის მიღების შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეტაპობრივად მოახდინონ ადაპტირება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან და შესაბამისად დაგეგმონ საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა.“

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათვქამია, რომ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა ხასიათდება ხანგრძლივი სწავლის პერიოდით და მაღალი საკრედიტო დატვირთვით — არანაკლებ 300 კრედიტისა, რაც ამცირებს სტუდენტების ინტერესს და პროგრამის ხელმისაწვდომობას.

დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ინტეგრირებული პროგრამა და მასწავლებლის მომზადების სხვა საგანმანათლებლო პროგრამები ერთსა და იმავე მიზანს — მასწავლებლის მომზადებას ემსახურება, ინტეგრირებული მოდელი ნაკლებად მოქნილია და უფრო ხანგრძლივ სწავლებას მოითხოვს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ამის საპირისპიროდ, არსებული ალტერნატიული პროგრამები იძლევა უფრო მოკლე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ტრაექტორიების შესაძლებლობას. კანონპროექტი მიზნად ისახავს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონიდან ინტეგრირებული პროგრამის ამოღებას, რათა გაძლიერდეს მოთხოვნაზე ორიენტირებული და მოქნილი მოდელები, ასევე დაიხვეწოს სახელმწიფო უნივერსიტეტების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო.

ამავე კონტექსტში, დოკუმენტი ითვალისწინებს ახალი აკადემიური თანამდებობის — წამყვანი პროფესორის — შემოღებას.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, წამყვანი პროფესორი უნდა იყოს დოქტორის ხარისხის მქონე, მინიმუმ 8-წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებითა და გამორჩეული პროფესიული ან სამეცნიერო მიღწევებით. მას ექნება აკადემიურ საბჭოში მონაწილეობისა და დეკანის არჩევის პროცესში ჩართვის უფლება.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია გარდამავალი პერიოდის საჭიროება იმ საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, რომლებიც მოქმედ კანონმდებლობაში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ახალ ჩამონათვალში აღარ მოხვდება.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროგრამებზე უკვე ირიცხებიან სტუდენტები, მათი მოულოდნელი გაუქმება შეიძლება დააზიანოს განათლების მიღების უფლება და გამოიწვიოს მასობრივი მობილობა. შესაბამისად, დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ უნივერსიტეტებს მიეცეთ შესაძლებლობა ასეთი პროგრამები განსაზღვრული ვადით, მილევად რეჟიმში განახორციელონ.