„ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს. დღეს კანონპროექტი ბიუროზე დარეგისტრირდა. საკომიტეტო განხილვა ხვალ ჩაინიშნა. პროექტს სავარაუდოდ ოთხშაბათს საბოლოო მოსმენით მიიღებენ.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღწერილი, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად:
• საქართველოში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და არაუმეტეს 12 წელი. ზოგადი განათლების საფეხურები კვლავ სამი იქნება. დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი − X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი).
• ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება;
• მოსწავლისათვის სკოლაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, სასკოლო ფორმის ტანსაცმელის ტარება გახდება სავალდებულო;
• სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი გაუქმდება, ვინაიდან სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას;
• მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
• სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენებისა ზოგად პირობებს;
• საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით, ასევე, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივ პროგრამებს;
• სკოლას ექნება უფლება ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით;
• სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დააფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, დაამტკიცებს წესდებას, ასევე, ნებაყოფლობით XII კლასში მოსწავლეთა/პირთა რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განუსაზღვრავს მას ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ხანგრძლივობას;
როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში, რადგან მის ამოქმედებას დამატებითი პირობები არ სჭირდება და მნიშვნელოვანია დროული განხორციელება.
სასკოლო ფორმებთან დაკავშირებული ჩანაწერი ძალაში შევა 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
ხოლო სხვა განსაზღვრული პუნქტები — 2027 წლის 1 სექტემბრიდან.