„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება, რომლითაც კომისიამ მმართველ ხელისუფლებას ამჟამინდელი ფორმით რუსული კანონის გაუქმებისკენ მკაცრად მოუწოდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, სალომე ქურასბედიანის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს“.
ქურასბედიანის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლადაა დაუსაბუთებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივი მსჯელობა და აღნიშნული მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად გამოიყენეს.
„ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. ამდენად, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს“, – განაცხადა ქურასბედიანმა.
ქურასბედიანმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ, პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივ არასწორ ინფორმაციას.
„საბოლოოდ ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია! ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს.
ვენეციის კომისიის პარადოქსული პოზიცია, რომ NGO-ს ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაფარული უნდა იყოს, სამწუხარო და იმედგამაცრუებელია“, – განაცხადა სალომე ქურასბედიანმა „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე.
ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, ის მუხლობრივად განიხილა და ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მკაცრად მოუწოდა, ვინაიდან მისი გავლენა იქნება უარყოფითი მრავალი მიმართულებით.