„ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე „მთავარი არხი“ კომისიამ წერილობით გააფრთხილა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და „მთავარ არხს“ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება მისცა.

„ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ „მთავარმა არხმა“ პარტიას მეორე ტურის დროს უარი უთხრა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, რითაც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

„კანონით მოეთხოვება ნებისმიერ მაუწყებელს, რომ უფასო საეთერო დრო გამოუყოს პოლიტიკურ პარტიებს. ბუნებრივია, საჭიროდ ჩავთვალეთ, სარჩელი შეგვეტანა მარეგულირებელში და არ გამოვრიცხავთ ასევე სასამართლოში სარჩელის შეტანას. ძალიან მძიმედ დაუჯდება ეს კანონდარღვევა „მთავარ არხს“, – განაცხადა 29 დეკემბერს „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „მთავარი არხი“ ინფორმირებული იყო, რა პერიოდიდან და რა პრინციპით უნდა განეთავსებინა უფასო პოლიტიკური რეკლამა მეორე ტურის დროს.

„ამის შესახებ მაუწყებელს კომუნიკაციების კომისიამ შეტყობინება 3 ნოემბერს გაუგზავნა და შეახსენა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. მეორე წერილი კი მაუწყებლებს 16 ნოემბერს გაეგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ მაუწყებელს ორჯერ შეახსენა ვალდებულება, „მთავარმა არხმა“ აღნიშნული არ გაითვალისწინა. არხმა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 761 მუხლის 21-ე პუნქტი დაარღვია.

კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ „მთავარ არხს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა არ ჩაუდენია და მაუწყებელს წერილობითი გაფრთხილება მისცა“. – წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომისიის სხდომას „მთავარი არხის“ წარმომადგენლის სტატუსით იურისტი თამთა მურადაშვილი ესწრებოდა.

მან განაცხადა, რომ კანონის იმ მუხლში, სადაც უფასო პოლიტიკურ რეკლამაზეა საუბარი, ამოსავალი წერტილია დროის არადისკრიმინაციული გადანაწილება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რაც არ დარღვეულა „მთავარი არხის“ უარით. არხის იურისტის თქმით, არხის პოზიცია იყო პროტესტი, რომელიც გამოიხატა სიჩუმით.


„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 13 ნოემბერს დაწერა სოციალურ ქსელში სტატუსი და განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან/და ქართული ოცნების არც ერთი საარჩევნო რეკლამა, თუნდაც ეს იყოს კანონდარღვევა, ტელეკომპანია მთავარის ეთერში არ გავა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას, გამოხატულს საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაში და მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარის თქმაში. არ ვაპირებთ, შემოსავალი მივიღოთ ქართველი ხალხის ნების ქურდების და დამნაშავეებისგან, მით უფრო, მათი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ხელშეწყობის გზით.

ჩვენ, როგორც პროდასავლური და პატრიოტული მედია, მივიჩნევთ, რომ იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება წაერთვა მის უალტერნატივო წყაროს – ქართველ ხალხს – და მოხდა მისი უზურპაცია არალეგიტიმური არჩევნების გზით, აღარ გვაქვს არც კანონისმიერი ფორმალობების დაცვის, არც კანონდარღვევის გამო ჯარიმის შიშის და, მით უმეტეს, არც შემოსავალზე ზრუნვის უფლება“, – წერდა გვარამია.

არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადებს ოპოზიციურმა პარტიებმა და მათი საარჩევნო რგოლები ტელევიზიებში აღარ გასულა.