„ქართული ოცნების“ წევრის დაზიანების ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ წევრ თემურ შუბითიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულთათვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მათი განმარტებით, დაცვის ქვეშ მყოფი პირების მხრიდან არანაირი საფრთხე არ არსებობდა.

„მე ვარ ადვოკატი, პოლიტიკურ სარჩულზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ დავაფიქსირებ პოზიციას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ლაშა გურგულიანი წარდგენილ ბრალდებაში არის უდანაშაულო. მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია. არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში და არც ბუნებაში რაიმე მტკიცებულება, რომ მან ჩაიდინა ძალადობა.

დაზარალებული უჩვენებს, რომ სამი სცემდა. ბრალდებულები უჩვენებენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ ჩაიდინეს, სამმა პირმა ძალადობა და სცემეს დაზარალებულს. ლაშა გურგულიანს საერთოდ არ ჩაუდენია ეს ძალადობა და დაზარალებულმა ასევე ვერ ამოიცნო გურგულიანი, ამდენად, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება, არის დაუსაბუთებელი და აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასმართლოში“, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა გელა ჩივაძემ.

ბრალდების მხარემ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, მოტივად კი მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის ან დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხეები დაასახელა.

„საქმის მასალებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, დამატებით დეტალების შესახებ გამოძიების დასრულების შემდგომ გეცნობებათ. გრძელდება გამოძიება, როგორც კი დასრულდება მოტივს მიზეზსა და დამატებით გარემოებებს გაცნობებთ აუცილებლად“, – განაცხადა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა.


შსს-მა გუშინ განაცხადა, რომ დააკავეს 3 პირი, რომლებსაც ბრალად „ქართული ოცნების” წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედებათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე ​მიმდინარე წლის 30 სექტემბერს კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – წერს შსს.

უწყება აღნიშნავს, რომ დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია.