„ქართულმა მარშმა“ ის გააკეთა რაც დამკვეთმა დაავალა - ნიკა მელია გუშინდელ აქციაზე

პუბლიკა

ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანის რაიონში ნიკა მელია, მის საარჩევნო შტაბთან „ქართული მარშის“ მიერ აქციის გამართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქცია „ქართული ოცნების“ ინტერესში შედიოდა.

„ეს აქცია „ქართული ოცნების“ პირდაპირ ინტერესებში შედიოდა, კერძოდ, არ ვიცი, ვის ინტერესში, ბატონი კობიაშვილის, კალაძის თუ ვისი, მაგრამ გლდანის რაიონს ხელისუფლება ოპოზიციასთან პირველივე ტურში დიდი სხვაობით აგებს. არ ვიცი, რა ვერ გათვალა ხელისუფლებამ, როდესაც მათ მიერ წინა ხაზზე წამოწეული იქნება „ქართული მარში“ და ეს სხვაობა ოპოზიციასთან მიმართებით მათივე საწინააღმდეგოდ კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, „ქართული მარში“ დაფინანსებული ორგანიზაციაა და „დამკვეთმა რაც დაავალა ის გააკეთა“.

„გუშინ უბრალოდ, ვერ გათვალეს, ხელისუფლება რასაც აკეთებს ყველაფერი ისევ მისთვის არის კონტრპროდუქტიული. გუშინდელი დღე ამის ილუსტრაცია იყო. დიახ, კიდევ უფრო მეტი ენერგია, მოტივაცია გვაქვს, რომ დავამარცხოთ ყველა, ვინც მზად არის ფულის სანაცვლოდ უკადრებელიც კი იკადროს და გუშინ ასეთი ხალხი დავინახეთ ჩვენ. ამით მეტი არაფერი იყო ნათქვამი – ვიღაცამ გადაიხადა, ვიღაცამ შეასრულა, გადამხდელიც ვიცით და შემსრულებელიც დავინახეთ“, – აღნიშნა მელიამ.


გუშინ, „ქართულმა მარშმა“ გლდანში, ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას შტაბთან აქცია გამართა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ისინი „მარშის” წევრებს შტაბთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის დასასრულს „ქართულმა მარშმა“ ნიკა მელიას პლაკატი დაწვა.