აქტივისტი ციალა ქათამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ეროვნული გვარდიის ბატალიონის რეზერვისტობიდან გაათავისუფლა.
ქათამაძის თქმით, მისი, როგორც რეზერვისტის მთავარი მოვალეობა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფიზიკურად დაცვა იყო და „ქართულმა ოცნებამ” ეს აუკრძალა.
ის სოციალურ ქსელში გათავისუფლების შესახებ ბრძანების ფოტოს აქვეყნებს. ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ციალა ქათამიძეს „2022 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული 2000 (ორი ათასი) ლარი ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვალდებულება” დაეკისრა.
„2022 წლის 14 სექტემბრიდან ვარ საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტი ვარ, აღარ… უფრო სწორად, 8 აპრილამდე ვიყავი.
დღეს ჩავიბარე ბრძანება, თანამდებობიდან და სამხედო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ანუ, მარტივად რომ ვთქვა, დღეს მე, საქართველოს მოქალაქეს, რეზერვისტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაც, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფიზიკურად დაცვა, „ქართულმა ოცნებამ” ამიკრძალა მქონდეს პატივი, საჭიროების შემთხვევაში, იარაღით ხელში, ვემსახურო საკუთარ ქვეყანას! ამაზე დიდი შეურაცხყოფა, 38 წლის ვარ და ჩემთვის არასდროს არავის მოუყენებია!
ირგვლივ გამეფებული უკანონობისა და უსამართლობის, ათეულობით სინდისის პატიმრის, ასეულობით სასტიკად ნაცემი ადამიანის, ასეულობით გათავისუფლებული და ათასობით დაშინებული საჯარო მოხელის ფონზე, მსგავსი უკანონო, უსამართლო თუ დისკრიმინაციული ფაქტები, ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ბევრი იქნება, ვიცი, მაგრამ არ მეშინია! არ მეშინია, რადგან ზუსტად ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობის მთავარი მიზანი, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ცხოვრებაში იყო, არის და იქნება ერთი, ვემსახურო საქართველოს. თამამად, ამაყად, გულწრფელად, ყველა ეროვნული გმირის წინაშე, ღვთისა და ერის წინაშე, შემიძლია ვთქვა, რომ ვემსახურები საქართველოს!
ბოლო ფოტო დღეს გადავიღე, ფოტოზე საქართველოს ეროვნული გმირების სტენდია ასახული, რომელსაც ყველა შეკრებისას აღტაცება-აღფრთოვანებით შევცქეროდი ხოლმე, მათი ისტორიები, მათი სიმამაცე, მათი თავგანწირვა მაძლევს ზუსტად იმ ძალას და სითამამეს, ის ვთქვა, რაც ვთქვი, დიახ, ვემსახურები საქართველოს!”, – წერს ქათამიძე სოციალურ ქსელში.
ციალა ქათამიძე სამოქალაქო აქტივისტია და ის ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს.
„ბათუმელებთან“ საუბარში ქათამიძე აღნიშნავს, რომ ის სამხედრო რეზერვიდან მისი სამოქალაქო აქტიურობის გამო გაათავისუფლეს და კომპენსაციის ნაცვლად პირიქით დააკისრეს ფულადი ჯარიმა 2 ათასი ლარი.
ქათამიძის თქმით, ბრძანებას აუცილებლად გაასაჩივრებს.