„ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 10 სექტემბერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული, პრემიერ-მინისტრობისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატი წარადგინა.
მმართველი გუნდის პარტიული სიაში 20 კანდიდატიდან 5 ქალია.
სიის მე-4 ნომერი იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანია.
„წლების მანძილზე, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოდან, ის აქტიურად იბრძოდა საქართველოში ადამიანების უფლებების და დემოკრატიის დასაცავად. წულუკიანი არის საქართველოს მთავრობის ერთადერთი წევრი, რომელსაც 2012 წლიდან აქვს მინისტრობის უწყვეტი სტაჟი“, – ასე წარადგინა ის ირაკლი კობახიძემ.
სიის მე-8 ნომერი მარიამ ქვრივიშვილია, ტურიზმის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი.
„მარიამმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით, საკარანტინო სივრცეების მოწყობასა და ეფექტიანად მართვაში. მარიამ ქვრივიშვილი იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ეკონომიკური და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიის მე-10 ნომერია თბილისის მერის მოქმედი მოადგილე მაია ბითაძე.
„მაია ბითაძე მნიშვნელოვნად გააძლიერებს „ქართული ოცნების“ გუნდს გარემოს დაცვისა და იურიდიული მიმართულებით, – განაცხადა მისი განათლებისა და პროფესიული მიღწევების ჩამოთვლისას ირაკლი კობახიძემ.
სიის მე-14 ნომერია მაკა ბოჭორიშვილი – დიპლომატი.
„მაკა ბოჭორიშვილის აქვს ხანგრძლივი და წარმატებული დიპლომატური გამოცდილება. დღემდე მაკა იკავებდა ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის მოადგილის თანამდებობას“, – თქვა კობახიძემ.
სიის მე-19 ნომერია მარიამ ლაშხი.
„მარიამს აქვს კერძო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და სახელმწიფო მმართველობის სფეროში მუშაობის წარმატებული გამოცდილება. ის გააძლიერებს „ოცნების გუნდს ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. სხვა შემთხვევაში ის ვერ დარეგისტრირდება.
30-კაციან მაჟორიტარულ სიაში „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთი ქალი კანდიდატი ჰყავს.