„ქართულმა ოცნებამ" ჰომოფობიური კანონპროექტი წარადგინა - რას ითვალისწინებს

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ” ჰომოფობიური კანონპროექტი წარმოადგინა – მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ცვლილებების შინაარსი წაიკითხა და თქვა, რომ ცვლილებები შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს.

კერძოდ, მას დაემატება მე-3 მუხლი, სადაც ჩაიწერება, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია”.

მდინარაძის თქმითვე, დაინიციირდება კონსტიტუციური კანონი, სადაც გათვალისწინებული იქნება შემდეგი ცვლილებები:

მუხლი 1.

1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.

2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.

5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.

6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.

29 თებერვალს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

მდინარაძემ მომდევნო დღეს თავის ჰომოფობიურ გამოსვლაში „მავნე თემის პროპაგანდა“ ახსენა და აღნიშნა, რომ „ძირითადად ჩვენ აქცენტი გვაქვს ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებზე“.

მან „პროპაგანდის“ გავრცელების გზად დაასახელა ფილმები და სერიალები, რომელთა პერსონაჟები ლგბტ ადამიანები არიან.

„ამბობენ იმას, რომ ბუნებრივი მოვლენაა ადამიანი ლგბტ თემის წარმომადგენელი იყოს – ეს არის პირდაპირი პროპაგანდა“, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „რუსული კანონის“ ავტორი გურამ მაჭარაშვილი ასე განმარტავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას.

მდინარაძემ კვლავ „გელაპის“ კვლევით მანიპულაციას მიმართა და „პროპაგანდას“ დაუკავშირა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავს ლგბტქ თემის წევრად აიდენტიფიცირებს. კვლევაში მსგავსი ურთიერთკავშირი ნახსენებიც კი არ არის.

გარდა ამისა, სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, ბოლო დღეების განმავლობაში მანიპულირებდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ორგანიზაციული მემორანდუმის შინაარსითაც, რომელშიც ენტონი ბლინკენი მოუწოდებს თანამშრომლებს, „როცა შესაძლებელია, გენდერულად ნეიტრალური ენა გამოიყენონ“. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს საქართველოსთან და ქართულ ენასთან, რომელსაც სქესი არ გააჩნია, კავშირი არ აქვს.

„რუსული კანონი 2“

რუსეთში ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას“ მცირეწლოვანებში.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული კანონი შეუთავსებელი იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. კერძოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონები არღვევდა მომჩივანთა სიტყვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას. სასამართლომ დაადგინა, რომ „ხელისუფლება აძლიერებს სტიგმასა და ცრურწმენებს, ხელს უწყობს ჰომოფობიას, რომელიც შეუთავსებელია თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ 2013 წელს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ.„ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ აკრძალვა „შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“ რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთ მიზეზად კომისიამ დაასახელა ის, რომ ჰომოსექსუალობა სექსუალური ორიენტაციის ვარიაციაა და არ შეიძლება ჩაითვალოს ზნეობის საწინააღმდეგოდ საჯარო ხელისუფლების მიერ.

2022 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ კანონპროექტს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა და სქესის შეცვლის პროპაგანდაზე“, რომელიც კრძალავს პოზიტიური და თუნდაც ნეიტრალური ინფორმაციის გავრცელებას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების შესახებ, არაჰეტერონორმატიული ორიენტაციის საჯაროდ გამოხატვა კი ისჯება ჯარიმით.