პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პირველი განცხადებების შემდეგ შეიცვალა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმ ოთხივე საკითხზე უკან დაიხია, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიტანა. ამის შესახებ ელისაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„იყო ერთთვიანი მოლაპარაკებების ძალიან რთული პროცესი ბევრ დეტალზე არ მოვყვები, მაგრამ შეიცვალა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმ 4-ვე საკითხზე, რომელიც მივიტანეთ, უკან დაიხია. დღეს წარმოჩინდა, რომ ალეკო შედის პარლამენტში. არა, მე დღეს მთელი დღეა ვცდილობ, გადავარჩინო მოლაპარაკების პროცესი, რომლის ჩაშლასაც, საბოტაჟს ეწევა, ბოკერიას პარტია. შიგნით ბაქრაძე, გარეთ ბოკერია-უგულავა“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ უკან დაიხია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებითაც.
„რიგგარეშე ხომ იყო მაგათი წითელი ხაზი, ბოლოს თქვეს, დავნიშნავთო, დაგვიმტკიცეთ, რომ გაყალბდაო. ახლა ჩვენ უნდა ვივარგოთ და ხო ყველა ვამბობთ, რომ გაყალბებაა. დავამტკიცოთ ეს გაყალბება“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მოლაპარაკების III რაუნდზე ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ 4-პუნქტიანი წინადადებით წარდგა.
მოთხოვნების პირველი ნაწილი ე.წ. პოლიტიკურ პატიმრებს შეეხება. ოპოზიციის მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი (ე.წ. კარტოგრაფების საქმე), აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე (ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმე) და დაიხუროს მათი საქმეები.
წინადადების მეორე ნაწილი საპარლამენტო არჩევნებს შეეხება. ის რამდენიმე ვარიანტისგან შედგება:
- ახალი არჩევნების დანიშვნა 2021 წელს;
- პლებისციტი 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების შესახებ;
მესამე ნაწილი ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის რეფორმას. ოპოზიციის მოთხოვნაა, ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერით (ან 1%-იანი საარჩევნო ბარიერით), საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით;
მეოთხე ნაწილი შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის მოთხოვნას – ცვლილებებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – (მათ შორის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გათავისუფლება). ასევე, ცვლილებები არჩევნების დღეს ჩასატარებელი კონკრეტულ პროცედურებში – მაგ. საარჩევნო უბნებზე მობილური ტელეფონის შეტანის აკრძალვა და სხვა.