„ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას თანდართულ პროექტებთან ერთად.

პაკეტს დაჩქარებულად განიხილავენ და საბოლოოდ ხვალ მიიღებენ.

„სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის, ჩამოაყალიბოს საკანონმდებლო ჩარჩო.

ვხედავთ გახშირებულ ზეწოლებს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე სხვადასხვა ჩარევებს, ამავდროულად ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესებში პირები ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების განხორციელებას და ყველანაირად ცდილობენ, შოუ დადგან პროცესების მიმდინარეობის დროს.

ამ და სხვა საკითხების დარეგულირების მიზნით და სისტემის გამართულად მუშაობისთვის მთელი რიგი ცვლილებებია წარმოდგენილი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ პაკეტის წარდგენისას.

პროექტით, სასამართლოს სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად იზღუდება. იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება.

პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს.

ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია დასაშვები იქნება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით.

სასამართლოს შეეძლება სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.

  • გარდა მედიის რეგულირებისა, ცვლილებით, იზრდება მოსამართლეების ხელფასი, პოზიციაზე ყოფნის წლები, იცვლება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი და იზღუდება მოსამართლესთან დაკავშირებით გამოხატვის ფორმები.
  • დასჯადი იქნება მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
  • დაზუსტდა, რომ სასამართლოს უპატივცემულობად ჩაითვლება ვერბალური გამონათქვამი, უხამსი ქმედება და ა.შ., როგორც სხდომაზე, ასევე საჯარო სივრცეში.
  • გაფართოვდა დაინტერესებული პირის განმარტება – ასეთი იქნება ნებისმიერი პირი, რომელიც მოსამართლეზე ან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას.
  •  დაუშვებელი იქნება გამოძიების სტადიაზე დაინტერესებული პირის მოსამართლესთან ისეთი კომუნიკაცია, რაც დაკავშირებულია საქმის განხილვასთან, არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს ან წარმოადგენს მოსამართლეზე ზემოქმედების მცდელობას და ა.შ.

საკანონმდებლო ცვლილებებს სახალხო დამცველი გამოეხმაურა.

„პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე. კანონპროექტის მიხედვით, დღეს დამკვიდრებული საქვეყნოობის პრინციპი არსებითად იცვლება და ღიაობის ნაცვლად, ძირითად წესად აკრძალვა მკვიდრდება“, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ინიციირებული კანონპროექტი საქართველოში 2007 წლიდან 2013 წლამდე მოქმედ რეგულაციას აბრუნებს, რომლის თანახმადაც სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვისას ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იყო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებდნენ სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირები.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ომბუდსმენის ეს შეფასება „აბსოლუტური სიცრუეა“.

„უმჯობესი იქნება, როდესაც კონკრეტული შეფასება კეთდება, სრული სიმართლე გაჟღერდეს ხოლმე“, – თქვა გორდულაძემ სხდომაზე.

მისი მტკიცებით, 2007-2013 წლების რეგულაციაში აუდიოჩანაწერის და სტენოგრამის აკრძალვა შეეძლო მოსამართლეს სხდომის მიმდინარეობისას, დღეს ინიციირებული ცვლილებით კი იუსტიციის უმაღლეს საბჭო ყოველ კონკრეტულ პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტს, დაუშვას ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2007 წლის კანონით, დღევანდელ ცვლილებებთან შედარებით, განსხვავება არის ის, რომ 2007 წელს სტენოგრამის/აუდიოჩაწერის განხორციელება იყო დაშვებული და შეზღუდვა შეიძლებოდა მხოლოდ მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით. დღეს კი აუდიოჩაწერა აკრძალულია და მის დაშვებას სჭირდება მოსამართლის ნებართვა.