„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში 22 დელეგატი წარადგინა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის 22 დელეგატი წარადგინა.

დავით სონღულაშვილი – გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;

ირაკლი ქადაგიშვილი– თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; არიან მოქმედი დეპუტატები, როგორც მოგეხსენებათ.

რაც შეეხება რუსთავს და გარდაბნის ისტორიულ სოფლებს ირაკლი შატაკიშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი იქნება წარდგენილი.

მარნეული-გარდაბანი ზაურ დარგალი

რაც შეეხება, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქს, აქ იქნება ბოლნისის მოქმედი მერი წარდგენილი, ბატონი  დავით შერაზადიშვილი

ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი ანტონ ობოლაშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი.

ახალქალაქი-ნინოწმინდა- მოქმედი დეპუტატი სამველ მანუკიანი იქნება წარდგენილი.

მცხეთა-მთიანეთში ბატონი დიმიტრი ხუნდაძე იქნება დელეგატად წარდგენილი ჩვენს პროპორციულ სიაში.

გორი-კასპი- გორის მოქმედი მერი, ბატონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება წარდგენილი კანდიდატად.

ხაშური-ქარელი- მოქმედი დეპუტატი ზაზა დუგლაძე

ქუთაისში, ასევე მოქმედი დეპუტატი ზაზა ლომინაძე

წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი- გივი ჭიჭინაძე

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე

ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში წარდგენილი იქნება ბატონი ზვიად შალამბერიძე, მოქმედი გუბერნატორი.

ზუგდიდში ჩვენი კანდიდატი დელეგატი იქნება დათო კოდუა, რომელიც არის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ჩვენი გუნდის წევრია 2012 წლიდან.

ფოთი-ხობი-სენაკში მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია

მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ იქნება წარდგენილი ბატონი ილია ინჯია, რომელიც გახლავთ წარმატებული ბიზნესმენი.

გურიაში, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური ბატონი ვასიკო ჩიგოგიძე იქნება ჩვენი კანდიდატი.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში ბატონი გოჩა ენუქიძე, ასევე მოქმედი დეპუტატი.

ბათუმში არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“, რომელიც არის „ალილოს“ სოლისტი, იქნება ბათუმში ჩვენი კანდიდატი.

ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, ბატონი გია ჭყონია იქნება ჩვენი კანდიდატი.

ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო ბატონი ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი.

ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან.

არიან მთელი რიგი დეპუტატები, რომლებიც მანამდე იყვნენ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარები, მათი უმეტესობაც იქნება სიაში წარმოდგენილი, თუმცა არა დელეგატის სტატუსით.

რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, მათ დავასახელებთ უახლოეს დღეებში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო სიის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებით, პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი განსაზღვროს 30 ოლქიდან რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად. კერძოდ, აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ ოლქის ნომერი, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი. აღნიშნული ცვლილებს საარჩევნო კოდექსში მესამე მოსმენით 15 მაისს დაუჭირეს მხარი.

„დელეგატები” საარჩევნო სიაში მაჟორიტარის ალტერნატივაა – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ტარდება.

თუმცა, უცნობია, რა ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში ესა თუ ის დელეგატი და მოხვდება თუ არა პარლამენტში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამა თუ იმ ოლქში მისი პარტია გაიმარჯვებს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დღეს დასახელებული დელეგატები პარტიის „გამსვლელ სიაში” იქნებიან.