„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში რუსული კანონი უკვე დაარეგისტრირა. კანონის პროექტი და განმარტებითი ბარათი პარლამენტის ვებგვერდზე უკვე ატვირთულია.
როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიზანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.“
პროექტის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციად მიიჩნევა:
- ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
- ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
- ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
კანონის პროექტის მიხედვით, უცხოური ძალა არის: უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე; ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
კანონის პროექტის მიხედვით, სუბიექტები, რომლებიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული არიან, მათ მიერ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვრის თვის განმავლობაში მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია, ყოველი შემდგომი წლის იანვრის თვეში ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია.
კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სამართალდამრღვევისთვის ჯარიმის დაკისრების საკითხს. ამ ჯარიმათა ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნულ სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტების რაოდენობაზე.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი „ქართული ოცნებაა.“