„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა | რა სჭირდება კონსტიტუციის შეცვლას?

პუბლიკა

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები წარმოადგინა. ცვლილებების შესახებ მმართველი გუნდის წევრები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ. „ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ შეზღუდავდნენ, მათი მტკიცებით, „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“.

თუმცა კანონპროექტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ წარმოადგინა, კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი რაოდენობით დეპუტატები არ ჰყავს.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში სამი მოსმენით უნდა მიიღონ და საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა. ამ დროისთვის, პარლამენტის ვებსაიტის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობაში 82 დეპუტატია, უმრავლესობას დაემატება მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე იმედა ნიკურაძეც.

შესაბამისად, მდინარაძის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტი რომ მიიღონ, კიდევ 30 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, „ქართული ოცნება“ ამ საკითხებთან დაკავშირებით დააანონსებს სხვა საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომლებიც შესაბამისობაში იქნება დღევანდელ კონსტიტუციასთან, ასე რომ, გარკვეულ ცვლილებებს კონსტიტუციის გვერდის ავლითაც მიიღებენ.